მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 17%-ით შემცირდებოდა

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის დაწყების შემდეგ უცხოელები საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დახურულ კარს მიღმა ითხოვდნენ და ამის შესახებ საუბრის დრო აუცილებლად დადგება. ამის შესახებ პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკა სამჯერ უფრო მეტ დარტყმას მიიღებდა, ვიდრე პანდემიით მიიღო. ის ასევე ამბობს, რომ ეკონომისტებმა სანქციების დაწესების შემთხვევაში შესაძლო ეფექტი დაითვალეს, რაც 2022 წელს 17%-იანი ეკონომიკური ვარდნით გამოიხატება.

„საზოგადოებას ალბათ ახსოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არავინ საქართველოსგან სანქციების დაწესებას არ ითხოვს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე. ბევრი უცხოელი ხვდებოდა, რომ სანქციების დაწესების საჯარო მოთხოვნას საზოგადოებისგან შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა, ამიტომ ეს მოთხოვნები დახურულ კარს მიღმა ან არაპირდაპირ ჟღერდებოდა. თუმცა ვნახეთ საქართველოს პოლიტიკის საჯარო დაგმობაც და სანქციების დაწესების მოთხოვნებიც, მაგ. ლიეტუვის პარლამენტის 2022 წლის აპრილის რეზოლუციაში, ევროპარლამენტის 2022 წლის დეკემბრის რეზოლუციაში, ლატვიის პრეზიდენტის 2023 წლის სექტემბრის განცხადებაში, ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის 2023 წლის თებერვლის განცხადებაში და ა.შ. რას და როგორ ითხოვდნენ უცხოელები დახურულ კარს მიღმა, ეს ცალკე საუბრის თემაა, რომლის დროც აუცილებლად დადგება.

რა იქნებოდა ამგვარი თავქარიანი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის ეკონომიკური შედეგი, ეკონომისტების მიერ დეტალურად დათვლილია. 2022 წელს ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს ექნებოდა 17%-მდე ეკონომიკური ვარდნა, რაც 18 მილიარდი ლარის ზარალს უდრის. შედეგად, ჩვენ სამჯერ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას მივიღებდით, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო, რაც ეკონომიკის ჩამოშლის ტოლფასია. თანაც, ეს იმ შემთხვევაში თუ ესკალაცია ეკონომიკურ ომს არ გაცდებოდა. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ესკალაცია ცხელ ომამდე მიგვიყვანდა, ამას ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე არა მხოლოდ უკრაინის მაგალითზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულიდანაც კარგად ხვდება.

ამის საპირისპიროდ, სწორედ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა არავის ინტერესი არ დააყენა, დღეს ვართ ლამის ერთადერთი მშვიდობის კუნძული ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში და გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები - შალვა პაპუაშვილი

ამიტომაც, 26 ოქტომბერს, ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მარტივი და ცხადი არჩევანი ექნება, ვინაიდან არჩევანი დგას ომსა და მშვიდობას, ნგრევასა და წინსვლას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგისას განაცხადა, რომ სხვადასხვა პარტიებისა თუ სამოქალაქო სექტორის მხრიდან სანქციების დაწესების დაჟინებულ მოთხოვნას, იმ პირობებში როდესაც საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ საქართველო იღებდა ვალდებულებას არავისთვის მიეცა სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა, რაიმე რაციონალური ახსნა არ ჰქონდა.

„ორმოცმილიონიან უკრაინაში რამდენიმე ათეული მოხალისის ჩასვლა, ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს მიერ შეიარაღების მიწოდება, რუსეთის ეკონომიკაში 0,02% წილის მქონე ქვეყნის მიერ სანქციების დაწესება, არათუ გარდამტეხ, რაიმე საგრძნობ გავლენასაც კი ვერ მოახდენდა ომის მსვლელობაზე. ერთადერთი შედეგი, რასაც ეს ნაბიჯი მოიტანდა იქნებოდა რუსეთთან ესკალაციაში შესვლა, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად იყო რუსეთთან როგორც ეკონომიკურ ისე ცხელ ომში საქართველოს ჩართვა.

ხაზგასასმელია ერთი გარემოებაც. რადიკალურ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნისონში მყოფი უცხოელების მხრიდან სანქციების დაწესების მოთხოვნის პარალელურად, არავინ, ხაზს ვუსვამ არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია არ გვაძლევდა და დღემდე არ გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიებს, იმ შემთხვევისთვის, თუ სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკურ კრიზისამდე ან სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანდა. და ეს იმ პირობებში, როდესაც სანქციების დაწესება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობადაც კი სახელდებოდა“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები