რამდენიმე წუთის წინ, სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის" გახსნა. "ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, მისი ჯამური ინვესტიცია ₾500 მილიონზე მეტია.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ეს კომპლექსი „მარიოტის“ „ავტოგრაფ ქოლექშენის“ ნაწილია.
"ეს პროექტიც არის ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის მორიგი გამოვლინება და გამოხატულება. ყველა ასეთი, ანალოგიური პროექტი გამოირჩევა იმით, რომ ის არის ორიენტირებული, არა ფინანსური მოგების მიღებაზე, არამედ ორიენტირებულია იმაზე, რომ ახალი ბიძგი მისცეს შესაბამისი ქალაქის, რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამით გამოირჩევა „პარაგრაფ თაბორის“ პროექტიც. ეს კომპლექსი, რომელიც მსოფლიო დონის ბრენდის - „მარიოტის“ „ავტოგრაფ ქოლექშენის“ ნაწილია, თბილისს ამკვიდრებს ევროპული დონის, პრემიუმ კლასის ტურისტულ და საქმიან ცენტრად. „პარაგრაფ თაბორი“ თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების საინტერესო სინთეზს წარმოადგენს. თბილისში პირველი, უმაღლესი დონის გოლფის კლუბი, გამორჩეული სპა-კომპლექსი და ინოვაციური საბაგირო გზა, რომელიც მას ქალაქის გულთან, თავისუფლების მოედანთან აკავშირებს, მას რეგიონისთვის უნიკალურ პროექტად აქცევს.
ჯამურად სასტუმროში 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ეს ინვესტიცია, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. აღსანიშნავია, რომ „პარაგრაფ თაბორი“ არ არის ერთეული პროექტი. ის არის „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ მიერ შექმნილი სასტუმროების ქსელის ნაწილი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს თბილისში, სიღნაღში და მალე აბასთუმანსაც მოიცავს.
„პარაგრაფ თაბორი“ ჩვენს დედაქალაქს ახალ ხიბლსა და ენერგიას შესძენს და ქალაქის თანამედროვე განვითარების მისაბაძ მაგალითს შექმნის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























