მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარაგვაის პრეზიდენტი გადააყენეს და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთან ერთად დააკავეს

სანტიაგო პენია

პარაგვაის კონგრესმა პრეზიდენტ სანტიაგო პენიას იმპიჩმენტი გამოუცხადა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ყოფილი ლიდერი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დაკავების ორდერი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კარლოს კარვალიო სპალდინგის მიმართაც გასცა.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წინ მასშტაბური ფინანსური კრიზისი უძღოდა. კერძოდ, Ueno Bank-ის საქმიანობის შეჩერების გამო, ზრდასრული მოსახლეობის 60%-მა საკუთარ ანგარიშებზე წვდომა დაკარგა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დასრულებამდე პენიამ გადადგომის შესახებ განცხადებით პარლამენტს თავად მიმართა. როგორც ირკვევა, ამ ნაბიჯით ყოფილი პრეზიდენტი სამართლებრივი იმუნიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა, რადგან ქვეყნის კონსტიტუციით, ყოფილი სახელმწიფო მეთაურები უვადო სენატორის სტატუსსა და სპეციალურ დაცვის ბერკეტებს იღებენ.

თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მისი გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ყოფილი ლიდერი სასამართლოების იურისდიქციას დაუქვემდებარა.

არსებული ცნობებით, პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტისა და ცენტრალური ბანკის მეთაურის წინააღმდეგ გამოძიება უკანონო გამდიდრების, ფულის გათეთრებისა და გავლენით ვაჭრობის მუხლებით დაიწყო.

როგორც ირკვევა, კარლოს კარვალიო სპალდინგი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად დანიშვნამდე სწორედ Ueno-ს აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. თანამდებობის დაკავებიდან სამ თვეში კი მან ყოფილ კომპანიას ციფრულ ბანკად გარდაქმნის ნებართვა მისცა, რამაც ფინანსურ ინსტიტუტს სწრაფი გაფართოების შესაძლებლობა გაუჩინა.

თავად ექსპრეზიდენტი პენია კი Ueno Holding-ის $1 მილიონის ღირებულების აქციებს ფლობდა.

ინფორმაციისთვის, Ueno-ს ჩამოშლამ და საბანკო ოპერაციების შეჩერებამ ქვეყანაში 2.9 მილიონი ადამიანი დააზარალა, რამაც საცალო ვაჭრობის 80%-იანი ვარდნა და მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

შექმნილი ვითარების გამო, პენიამ მმართველი პარტიის მხარდაჭერაც დაკარგა. პრეზიდენტის გადაყენების შემდეგ კი სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ვიცე-პრეზიდენტმა, პედრო ალიანამ დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები