2024 წლის სექტემბრიდან, პარაპლანით ფრენა 13 ადგილიდან უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის თავმჯდომარემ, ირაკლი კაპანაძემ BM.GE-სთან განაცხადა.
2025 წლის 31 აგვისტომდე პარაპლანით ფრენის რეგულირების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/ კატეგორიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების და პარაპლანის ვარგისობის დადგენის განმახორციელებელ პირად საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია დარჩება.
ფედერაციის თავმჯდომარის ცნობით, შერჩეული ადგილების ნაწილი კომერციული ფრენისთვის არ არის.
„ყველა ადგილი არ არის კომერციული ფრენებისთვის. კომერციულ ფრენებს სხვა დამატებითი რეგულაციების დამატება სჭირდება, გარდა იმისა, რომ საჰაერო გზა უნდა გამოიყოს. ეს სივრცეები, რაზედაც საუბარია, უმეტესად სავარჯიშო ფრენებისთვის არის გამოყოფილი. სვანეთშია რამდენიმე ლოკაცია, ასევე ანანურში, გუდაურში, თბილისის ზღვაზე, საგარეჯოშია ორი ადგილი და ა.შ. ხოლო მაღალი კლასის პილოტებისთვის გვაქვს ალაზნის მარცხენა სანაპიროს გაყოლებაზე, მთებში.
საჰაერო სივრცის მოსარგებლე სხვებიც არიან, ამიტომ ამას შეთანხმება სჭირდება, რომ პარაპლანისტებმაც და სხვებმაც ისე იფრინონ, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ამას გარკვეული პროცედურული პროცესების ჯერ გავლა, შემდეგ დალაგება და ბოლოს მატერიალურ ტექნიკური პროცესების გაუმჯობესება სჭირდება“,- ამბობს კაპანაძე.
შეგახსენებთ, პარაპლანით ფრენა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ივლისში მას შემდეგ აიკრძალა, რაც გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრენის დროს 2 ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. ერთი წლის თავზე კი, სექტორს ფრენების აღდგენის ნებართვა მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემთხვევაში მიეცა.
2023 წლის 8 მაისს კი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა წესები, რომლებიც პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს არეგულირებს. ეს წესები არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა მათ შესასრულებლად გარკვეული მოთხოვნები მაინც არსებობს.