მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარაპლანით ფრენები შესაძლოა, 11 ლოკაციაზე განხორციელდეს

64aff34b8b18e
BM.GE
13.07.23 16:46
496
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, მორიგ საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის ფარგლებში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ფედერაცია ძალიან აქტიურ რეჟიმში მუშაობს ყველა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რაც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის განსაზღვრული პარაპლანებით უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისთვის.

„ეკონომიკის სამინისტრო, მისი შესაბამისი უწყებები ფედერაციასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ, გვაქვს სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე და ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მთავრობის დადგენილების თანახმად პარაპლანებით ფრენების აღდგენა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია სპეციალურ საჰაერო სივრცეებში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს დამატებით 11 ახალ ლოკაციაზე პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა, მათ შორის არის ლოკაციები თბილისის, კახეთის, მესტიის, ბახმაროს, გოდერძის, ბაკურიანის და სხვა ტერიტორიებზე.

„აღსანიშნავია, რომ ფრენების დასაწყებად აქტიურად მიმდინარეობს მზადება დაბა გუდაურში - თეორიული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დღეს, 13 ივლისს, პარაპლანით ფრენების განხორციელების მსურველები გადიან პრაქტიკულ გამოცდებს და ამ პროცესს ადგილზე აკვირდებიან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები. საგამოცდო ფრენების წარმატებით გავლის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებზე გაიცემა პილოტის მოწმობები. პარალელურად, გრძელდება ოპერატორების სერტიფიცირების და საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემის პროცესი“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მზად ვართ, დავიწყოთ ყველა პროცედურა, რაც დადგენილებით დაგვევალა - პარაგლაიდინგის ფედერაცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები