მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული, საქართველომ ისტორიაში - ირაკლი კობახიძე

ოლიმპიადა
15.08.24 21:00
858

პარიზის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული, საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც ოლიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმა სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის გუნდის, თითოეული სპორტსმენის, მწვრთნელებისა და პერსონალის დამსახურება.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ ძალიან წარმატებული ოლიმპიადა. ჩვენ ერთი თვის წინ შევიკრიბეთ აქ და ყველას გისურვებთ წარმატებები ოლიმპიადაზე, მაშინ გამოვთქვით რწმენა, რომ ეს ოლიმპიადა იქნებოდა ყველაზე წარმატებული ჩვენს ისტორიაში და ეს მართლაც ასე მოხდა, რაც არის წარმოუდგენელი შედეგი. საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი სამი ოქროს, სამი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი და ამით საქართველო გავიდა პირველ ადგილზე გუნდურ ჩათვლაში, რაც კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოგილოცოთ. ჩვენ გავედით 24-ე ადგილზე მსოფლიოში, ესეც არის საუკეთესო შედეგი. ესეც არის მთლიანად გუნდის, თითოეული სპორტსმენის, მწვრთნელებისა და პერსონალის დამსახურება. ეს არის ოლიმპიური კომიტეტის დამსახურება და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისათვის. ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს გუნდს არ ჰყავდა არც ერთი ნატურალიზებული სპორტსმენი. თქვენ ხედავდით, რომ არაერთი ქვეყანა ფონს გადიოდა სწორედ ნატურალიზებული სპორტსმენებით, ჩვენ შემთხვევაში მთლიანად ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები და ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად არის დასაფასებელი ის წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა თითოეულ სპორტსმენს მიღწეული წარმატება მიულოცა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მედალოსანს - ტატო გრიგალაშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო. მე მასთან მქონდა საუბარი, როცა მივულოცე ვიცე-ჩემპიონობა და მისი გამარჯვება იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან მან გატეხა ნავსი, მან აიღო პირველი მედალი. გახსოვთ, რომ სტარტით ცოტა უკმაყოფილო ვიყავით, თუმც მისი მედლის შემდეგ, ერთმანეთს მიეწყო და ყოველი შემდეგი დღე იყო უკვე ძალიან წარმატებული. მადლობა ტატოს ამ ძალიან დიდი წარმატებისთვის და იმ სტიმულისთვის, რომელიც მან მისცა სხვა სპორტსმენებს.

ლაშა ბექაურმა დაამტკიცა, რომ ის არის წარმოუდგენელი ტალანტის მქონე სპორტსმენი და მადლობა მას განსაკუთრებული წარმატებისთვის. ზედიზედ ორი ოქროს მედალი არის ის, რაზეც ოცნებობს ნებისმიერი სპორტსმენი და ლაშას არ შეიძლება, განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრათ ოქროს მედლისთვის.

ძალიან დიდი მადლობა ილია სულამანიძეს. ძალიან ცოტა დააკლდა ჩემპიონობისთვის. ყველას გული დაგვწყდა, მაგრამ ვიცე-ჩემპიონობა არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენს გულებში ის არის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა მე მგონია, რომ ამას მაინც გაფორმება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, 4 წელიწადში ეს ჩემპიონობა გაფორმდება. ვულოცავ ვიცე-ჩემპიონობას ილია სულამანიძეს.

ლაშა გურულს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. სხვადასხვა სახეობებში ჩვენ ველოდებით მედლებს, თუმცა კრივში დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა წარმატება და აქ ლაშამ გატეხა ეს ნავსი და აქედან გამომდინარე, ორმაგად დასაფასებელია მისი მედალი. მადლობა მას ამისთვის. ვულოცავ კიდევ ერთხელ ბრინჯაოს მედალს.

გენო პეტრიაშვილს განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობდით წინა ოლიმპიადის შემდეგ, მაშინდელი ფინალის შემდეგ. ყველას გვახსოვს ის დრამატული წამები და ყველაზე მეტად იმსახურებდა ეს კაცი ოლიმპიურ ჩემპიონობას. ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას, წარმოუდგენელ ბედნიერებას, რომელიც მან მოგვანიჭა თითოეულ ჩვენგანს.

ლაშა ტალახაძეზე რა შეიძლება ითქვას არც ვიცი. ეს კაცი არის უბრალოდ ლეგენდა, ზედიზედ სამი ოქროს მედალი სამ ოლიმპიადაზე, სიტყვები არ მყოფნის როგორ შეიძლება, ამ კაცს მადლობა გადავუხადოთ. მადლობა კიდევ ერთხელ და გილოცავ ამ უდიდეს წარმატებას.

გივი მაჭარაშვილს ძალიან დიდი მადლობა. ვულოცავ მასაც წარმატებას, ვიცე-ჩემპიონობას, ძალიან დიდი წარმატებაა ეს ყველაფერი. ისეთი მიზანდასახული კაცია, დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩემპიონობასაც ვერაფერი დაუდგება წინ და ვუსურვებ სამომავლოდ წარმატებებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები