მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარკ რეზორტ წყალტუბო" გაფართოვდა - ინვესტიცია 5 მილიონი ლარია

პარკ რეზორტ წყალტუბო
BM. GE
01.10.23 16:27
123

წყალტუბოს ცენტრში მდებარე სასტუმრო კომპლექსი "პარკ რეზორტ წყალტუბო" გაფართოვდა და როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ბადრი კაკაბაძე BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, გაფართოებაში 5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კომპლექსის გაფართოებაში ფინანსური მონაწილეობა "საქართველოს ბანკმა" და "აწარმოე საქართველომაც" მიიღეს. 

რაც შეეხება კონკრეტულად გაფართოების დეტალებს - აქამდე არსებულ სასტუმრო კორპუსს 30 ახალი ნომერი დაემატა, გარემონტდა ბალნეოლოგიური სპა ცენტრი და გაიხსნა ახალი სარესტორნო სივრცე "იმერული ესკიზები".

"ეს ცხოვრების მოთხოვნაა, წყალტუბო ეტაპობრივად ვითარდება. ჩვენმა ჯგუფმა წყალტუბოში ჯამში 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ზრდაზე მოთხოვნა იყო, მომხმარებლის მზარდმა რაოდენობამ გადაგვაწყვეტინა, რომ 30 ნომერი საკმარისი არ იყო, ამიტომ კიდევ 30 დავამატეთ, გავარემონტეთ სპა ცენტრი, რომელიც ერთგვარი სამკურნალო სივრცეა და ასევე, გავხსენით ახალი რესტორანი, რომლის მთავარი იდეაც სტუმრებისთვის ნამდვილი იმერული ატმოსფეროს შექმნაა - გაფართოებაში 5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო", - აცხადებს ბადრი კაკაბაძე. 

კომპანიაში გვიყვებიან იმასაც, რომ მათთან ქართველების გარდა აქტიურად ჩადიან ამერიკელი და ევროპელი ვიზიტორებიც, ეს მოთხოვნა კი წლიდან წლამდე მზარდია. კომპანიის მიზანს კი მომხმარებლის სურვილის მაქსიმალურად დაკმაყოფილებაა. 

"პარკ რეზორტ წყალტუბოს" გენერალური მენეჯერი თამარ ფილიშვილი გვიყვება იმასაც, რომ მომხმარებლის კმაყოფილებასთან ერთად მათი მთავარი მიზანია რეგიონის განვითარება, სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმონ. 

"ადგილობრივებს მაღალი დონის ტრენინგებს ვუტარებთ, მაქსიმალურად ვზრუნავთ მათ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს მათთვის არის ერთგვარი აკადემია, სადაც სამუშაო გამოცდილებასთან ერთად განათლებასაც იღებენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს თამარ ფილიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ "პარკ რეზორტ წყალტუბოს" ახალი სივრცეების გახსნის ცერემონია 30 სექტემბერს, წყალტუბოობას გაიმართა. ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები