არასაკმარისი საპარკინგე სივრცეები, საგზაო ინფრასტრუქტურა, არარსებული საზღვაო ტრანსპორტი და არასაკმარისად მძლავრი აეროპორტი - ეს იმ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალია, რომელიც სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფის“ კომერციული დირექტორის შეფასებით, ბათუმის განვითარებას აფერხებს.
როგორც თემო ბიწაძემ კონფერენცია „გრემოზე“ განაცხადა, მნიშვნელოვანია საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისას დეველოპერებს საპარკინგე სივრცეების მოწყობის ვალდებულებაც განესაზღვროთ.
„ინფრასტრუქტურა ბათუმისთვის ყოველთვის გამოწვევა იყო. ერთ-ერთი ასეთი იყო ბათუმში შემოსვლა, საბედნიეროდ დღეს უკვე არსებობს გზა რომელსაც წელს პირველად დავტესტავთ. ასევე კეთდება შიდა გზები, ახლაც რუსთაველის ქუჩა იმიტომ არის გადაკეტილი, რომ ბევრი პრობლემა აქვს, კარგია რომ ამის გადაწყვეტის გზების ძიება დაიწყო მთავრობამ.
ამას გარდა, რაც მნიშვნელოვანია ეხება პარკინგს. თბილისში არსებობს პარკინგის ვალდებულება რაც კოეფიციენტით განისაზღვრება, ბათუმში კი ეს ასე არ არის. ჩვენი კეთილი ნებაა გავაკეთებთ თუ არა. ამ გამოწვევის წინაშე დავდექით ჩვენც და ბოლოს იუსტიციასთან მოლაპარაკებების გზით შევძელით სივრცის აღება და პარკინგის მოწყობა.
არის კომპლექსები რომელსაც ათასობით, თუ არა 10 ათასობით აპარტამენტი აქვს პარკინგის გარეშე. ეს ქმნის კოლაფსს, რაზედაც ასევე პასუხი გაცემული უნდა იყოს, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ამაში ჩართვა.
ბევრი კარგი ტურისტული ობიექტია რესტორნები თუ სასტუმროები, თუმცა ტურისტული ინფრასტრუქტურის სიმწირეა. მაგალითად ვგულისხმობ საზღვაო ინფრასტრუქტურას, რომელშიც სკუტერს და ორ პარაშუტს არ ვგულისხმობ. ეს არ არის საზღვაო ინფრასტრუქტურა, ამას სჭირდება პროფესიული მიდგომა.“ - განაცხადა თემო ბიწაძემ.