პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანას, რომელიც პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესის ცვლილებას გულისხმობს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონპროექტით, პარლამენტის აპარატში სტაჟირების ხანგრძლივობა და სტაჟირების გამოცხადების წესი განისაზღვრება არა საკანონმდებლო აქტით, როგორც აქამდე მოქმედი რედაქციით ხდებოდა, არამედ კანონქვემდებარე აქტით.
კერძოდ, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ნორმის მოქმედი რედაქციიდან ამოდის ჩანაწერი - „პარლამენტის აპარატში სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე, პარლამენტის აპარატში სტაჟირება ცხადდება წელიწადში ორჯერ“ და ჩაიწერება, რომ სტაჟირების გამოცხადების წესი და მისი ხანგრძლივობაც განისაზღვრება აპარატის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესით.
„ამ ცვლილებებით კიდევ უფრო მოქნილი გახდება სისტემა, რომლითაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ სტაჟირება პარლამენტში გაიარონ, რაც დარეგულირდება არა კანონით არამედ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.