მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის ბიურო საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო, შენობაში ჟურნალისტებს არ უშვებენ

5dd2bc5ad30ab
დავით ჯალაღონია
18.11.19 19:45
956
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დაშლის პარალელურად, პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მიმდინარე საპროტესტო აქციები შეაფასა.

„პარლამენტმა საქმიანობა განაახლა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ საქართველოს პარლამენტმა და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო საკონსტიტუციო რეფორმა და ცვლილებები და ქვეყანა გადავიდა საპარლამენტო მართვის მოდელზე და მაშინ, ერთი წლის წინ ჩვენ მხარი დავუჭირეთ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, რომელიც უკვე არის ასახული დღევანდელ კონსტიტუციაში 2024 წლისთვის, საქართველოს პარლამენტში ინიციატივამ, რომლის თანახმადაც, პროპორციული არჩევნები 2024 წლიდან უნდა გადმოწეულიყო 2020 წელს, ვერ შეაგროვა ხმათა საკმარისი რაოდენობა. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა უმრავლესობის არაერთმა წევრმა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, თუმცა საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, რჩება, არის ახლანდელ კონსტიტუციაში.

გასულ კვირას ამ ფაქტმა, რომ საკმარისი ხმები ვერ შეაგროვა ამ ინიციატივამ, გამოიწვია ჩვენი თანამოქალაქეების ერთი ნაწილის უკმაყოფილება. მათ აქვთ მშვიდობიანი პროტესტის და შეკრების უფლება და ეს უფლება განუხრელად იყო და იქნება დაცული მომავალში. სამწუხაროა ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა და ერთი ნაწილის წარმომადგენლობამ კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, მე საუბარი მაქვს პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომელიც ინსტიტუტების ბლოკირების მიზნით ვითარდებოდა. ეს მნიშვნელოვნად სცდება საქართველოს კონსტიტუციის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.

გუშინ საღამომდე დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, მქონდა თითოეულ მათგანთან საუბარი და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, გაეგრძელებინათ მშვიდობიანი პროტესტი, მანიფესტაციები. ასევე, შევთავაზე მათ, რომ პარლამენტში გადაგვეტანა დისკუსია, დაგვებრუნებინა პოლიტიკური პროცესი პარლამენტში და ყველა იმ საკითხზე, რაზეც აქვთ საკუთარი პოზიციები, გამოვთქვი მზადყოფნა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები