მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის I სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტი ცარიელი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნების ელჩები 25 ნოემბერს ჩანიშნულ პირველ საპარლამენტო სხდომას არ დაესწრებიან, რადგან ისინი მოწვეულები არ არიან.

პაპუაშვილის თქმით, სხდომას მხოლოდ პარლამენტის ახლად არჩეული წევრები, მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები დაესწრებიან.

"მოწვევები უკვე დავაგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები.

რაც შეეხება ელჩებს, ისინი პირველ სხდომაზე მოწვეული არ არიან, ვინაიდან ეს გახლავთ ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხი. რაც შეეხება არჩევნებს და პარლამენტის პირველ სხდომას, მათ შორის, უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩების, თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა, ამ პროცესში აუცილებელი არ არის.

ჩვენ, ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელშიც, ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები.

ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და უნდა იზეიმოს მხოლოდ ქართველმა ხალხმა საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტილების მიღმა კონკრეტული მიზეზი არ დგას და ეს მხოლოდ "ზოგადი მიდგომაა".

"ეს ზოგადი მიდგომაა, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ჰქონდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირად ასეთი პროცესების ინსტრუმენტალიზება ხდება. უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ, საუბარი გვაქვს საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და მასში უცხოეთის ჩარევის განსაკუთრებულმა დონემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ თუნდაც ოპოზიცია, ზედმეტად იყურება გარეთ და, ნაცვლად ქართველი ხალხისა, მხარდაჭერას უცხოელ მფარველებში ეძებს, ეს, საბოლოო ჯამში, აზიანებს დემოკრატიას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, ამ დრომდე, როგორც წესი, პარლამენტის პირველ სხდომას უცხოელი დიპლომატები, ელჩებიც ესწრებოდნენ ხოლმე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები