მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის კომიტეტმა კახეთში ბადიაური-ბაკურციხის და გურჯაანი-თელავის მაგისტრალისთვის AIIB-ის სესხს მხარი დაუჭირა

გზა მაგისტრალი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რატიფიცირებისთვის „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის სასესხო შეთანხმება“ წარადგინა. კომიტეტმა ამ საკითხს მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც ის კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გავა.

აღნიშნული სასესხო შეთანხმება მთავრობამ ივლისში გააფორმა. კრედიტის მოცულობა 158 მილიონ ევროს შეადგენს, რომლითაც კახეთში ბადიაური-ბაკურციხის 31-კილომეტრიანი და გურჯაანი-თელავის 36.6-კილომეტრიანი გზის მშენებლობის დაფინანსება იგეგმება. აღნიშნულ პროექტებში AIIB წარმოადგენს თანამსესხებელს და იგივე მოცულობის 158 მილიონი ევროს დაფინანსებას მსოფლიო ბანკიც გამოყოფს.

ამ საგზაო პროექტებიდან საერთაშორისო ტენდერები უკვე გამოცხადდა ბადიაური-ბაკურციხის 31-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 183 მილიონ დოლარს შეადგენს.

AIIB-ის კრედიტის პირობების თანახმად, სესხი 25-წლიანია და მის დაფარვას საქართველო 2051 წელს დაასრულებს. კრედიტის პირველი 10 წელი საშეღავათოა, და მისი მომსახურება 2037 წლიდან დაიწყება.

კრედიტი ცვლად განაკვეთიანია და ის EURIBOR-ზე არის მიბმული, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით აღნიშნული განაკვეთი 3.07%-ს შეადგენს. გარდა ამისა სესხს აქვს ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო 0.25%-ის ოდენობით, ხოლო ვალდებულების გადასახადი სესხის აუთვისებლობის შემთხვევაში კრედიტის აუთვისებელი თანხის 0.25%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები