საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინფორმაციას ერთპარტიული პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 22-26 მაისს, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში ჩატარდება.
პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, საქართველოდან დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმაა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს პოზიციის წარმოსაჩენად", - განაცხადა მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.
საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგის თანახმად, გლობალური და რეგიონული მნიშვნელობის მქონე უსაფრთხოების საკითხები განიხილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონს და უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიას. სესიის ფარგლებში, დეპუტატები ასევე იმსჯელებენ დემოკრატიული მედეგობის გაძლიერების გზებზე და განიხილავენ ბალკანეთის რეგიონში დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების 30 წლისთავზე მიღწეულ პროგრესს.




























