პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მომდევნო კვირაში, 21 დეკემბრიდან მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს და ეს იქამდე მოხდება, ვიდრე მთავრობას არ დაამტკიცებს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომების დანიშვნისთვის პარლამენტი მომდევნო კვირაში მიმართავს.
გარდა ამისა, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგი, თუ როდის მოუსმენენ მთავრობის შემადგენლობას და რა ფორმატში. პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ შემადგენლობა პარლამენტს დღეს გადაუგზავნა.
სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან:
1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;
4. თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
5. იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
8. საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
9. ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
10. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.




























