მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტისთვის პოლიტიკური ლეგიტიმაცია იქნება ყველაზე მთავარი პრობლემა - კონსტიტუციონალისტი

კოტე ჩოკორაია

ინტერვიუ კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას აზრით, საქართველოს ევროპულ გზაზე სამრთლიან გარემოში ჩატარებული ახალი არჩევნები დააბრუნებს.

„საზოგადოებრივი დამოკიდებულებით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, პროცედურულად ამის {ახალი არჩევნების ჩატარების} შესაძლებლობა არსებობს. ამ შემთხვევაში არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს და ახალი არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას.

კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ მართალია, პრეზიდენტის და ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების არაღიარება პროცედურულად ხელს ვერ შეუშლის მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, მაგრამ ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის.

მისივე თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის პოლიტიკური ლეგიტიმაცია იქნება ყველაზე მთავარი პრობლემა.

„პოლიტიკური ლეგიტიმაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან პარლამენტის და საერთოდ, კონსტიტუციური დემოკრატიის არსი არის იმ პრინციპების დაცვა, რისთვისაც ის არსებობს - დაწყებული მოქალაქის თავისუფალი ნების გამოვლენით არჩევნების პროცესში, დამთავრებული შემდეგ ამ ნების დაცვით. ახალი პარლამენტი კი შეიძლება შეიკრიბოს, მაგრამ მას თუ არ აღიარებს პრეზიდენტი, არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეები, ქაღალდზე შეიძლება არსებობდეს {პარლამენტი} მაგრამ მის პოლიტიკურ ლეგიტიმაციას ექნება სერიოზული პრობლემა.

ჩვენ გვახსოვს 2020 წელს მსგავსი შემთხვევა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფორმალურად არ გასულიყვნენ ოპოზიციური დეპუტატები პარლამენტიდან“, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა.

კოტე ჩოკორაიამ „წერტილში“ პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციაც შეაფასა, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა.

„ეს იყო საქართველოს მოქალაქეების პოზიცია და ყველასთვის ნათელი და ცალსახა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული. მიუხედავად იმისა, რომ ვარ იურისტი და ყოველთვის ვცდილობ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვისაუბრო, ხშირად შეფასებებს არ სჭირდება მტკიცებულებების მოტანა, რადგან ადამიანები ხედავენ, როგორია მათ გარშემო საზოგადოების განწყობა და შეუძლებელია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო ამომრჩევლების 53%. ამას უკვე ემატება ის შეფასებები, მტკიცებულებები, რასაც საარჩევნო დღეს თუ წინასაარჩევნო პერიოდში ვხედავდით, რაც თავისთავად პირდაპირ არღვევს მთავარ და ფუნდამენტურ პრინციპს - ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპს, რაც ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქის აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენა და ჩვენ ვხედავთ, რომ იყო მოსყიდვის, დაშინების მაგალითები და ა.შ. სხვა უამრავი ფაქტი, რომელიც გვაფიქრებინებს რომ ეს არ იყო ქართველი ხალხის ნების გამომხატველი არჩევნები და შესაბამისად, შედეგი“, - აღნიშნა კოტე ჩოკორაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები