მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა

ხუციშვილი

პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა.

"ოცნების" მთავრობაში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა კანონმდებლებს ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და აღნიშნა, რომ 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში - 5,3%-ით.

ბიუჯეტის მეორე ვარიანტში, ისევე როგორც პირველში მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი მომდევნო წლისთვის 4%-ია, ხოლო საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 3,6%-ს შეადგენს და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ ნიშნულზე 3%-ზე დარჩება.

2026 წლის ნომინალური მშპ განსაზღვრულია 110,5 მილიარდ ლარად, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 26,8 მილიარდ ლარად.
ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2,5%-ით არის განსაზღვრული.

„2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამი შეადგენს 30,29 მილიარდ ლარს, ხოლო ასიგნებების მოცულობა - 30,47 მილიარდ ლარს.

ლაშა ხუციშვილმა ცალკეული უწყებების დაფინანსებაც წარმოადგინა:

  • ჯანდაცვის სამინისტრო — 9,62 მლრდ ლარი;
  • განათლების სამინისტრო — 2,61 მლრდ ლარი;
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო — 3,09 მლრდ ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო — 1,8 მლრდ ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო — 1,47 მლრდ ლარი;
  • ეკონომიკის სამინისტრო — 1,14 მლრდ ლარი.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და წინადადებების განხილვა გრძელდება და საბოლოო ვარიანტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

ბიუჯეტის განხილვის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა კანონპროექტზე დასკვნები წარმოადგინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები