მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა „აგენტების კანონში“ ცვლილებები მიიღო - ფუნქციები რეესტრიდან აუდიტის სამსახურს გადაეცა

ოცნება

საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ფუნქციები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. 81 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.

ცვლილების ავტორები და ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მთავარი მიზანი სახელმწიფო მმართველობის მოდელის ოპტიმიზაციაა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ერთ სფეროსთან დაკავშირებული ფუნქციები ერთმა კონკრეტულმა ორგანომ განახორციელოს.

ვინაიდან 2025 წლის 17 დეკემბრის ცვლილებებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ისედაც ახორციელებს გრანტების მონიტორინგს და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, „აგენტების კანონის“ აღსრულებაც მის კომპეტენციაში უნდა შევიდეს.

ამრიგად, ორგანიზაციების რეგისტრაციასა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას, ნაცვლად იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო რეესტრისა, აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს.

კანონპროექტის ფინანსური დასაბუთების მიხედვით, ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც ხარჯვით, ისე საშემოსავლო ნაწილზე:

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ახალი ფუნქციების შესასრულებლად, შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი თანამშრომლების აყვანა, რაც გამოიწვევს ხარჯების ზრდას (შრომის ანაზღაურება) და, მეორე მხრივ, საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში მეტი თანხის შესვლას.
  • პარალელურად, შესაძლოა შემცირდეს თანამშრომელთა რაოდენობა საჯარო რეესტრში, რადგან მათ ეს ფუნქცია აღარ ექნებათ.
  • აუცილებელი ხარჯები სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან დაიფარება.

კანონის ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ამოქმედდება. ავტორების განმარტებით, ეს ვადა საჭიროა იმისათვის, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოვიდეს.

პროექტის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ ცვლილება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები