პარლამენტმა დღეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს კანონპროექტის პირველად ვერსიაზე ხელმოსაწერად გადაგზავნიდან ხუთი დღე აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, ამას ასევე ხუთი დღის განმავლობაში, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გააკეთებს.
მოტივირებულ შენიშვნებს 1-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 64 წინააღმდეგი იყო.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის სხდომაზე დღეს სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.
ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში ხაზგასმულია, რომ ეს კანონი წარმოშობს მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ. პრეზიდენტის ვეტოში ნათქვამია, რომ დარგის ექსპერტთა აზრით, ეს შეღავათი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოში მოხდეს რუსეთის ფედერაციიდან ოფშორებში გატანილი “შავი ფულისა” და აქტივების საქართველოში გადმოტანა, რაც “მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, დააზიანებს და გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ასევე როგორც არაერთი სპეციალისტი მიუთითებს, ცვლილებები შესაძლოა იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საბაბად.”
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ხაზგასმულია, ოფშორული ზონების საგადასახადო შეღავათები ასევე აწესებს დისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების ადგილწარმოშობის მიხედვით, როდესაც ოფშორული ზონის პირი შეღავათით სარგებლობს, სხვა ქვეყანაში დაფუძნებულ პირებს, მათ შორის ქართულ იურიდიულ პირებს კი გადასახადების გადახდა მოუწევთ.