მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოფშორებზე კანონმდებლობა იცვლება - ოფშორიდან ქართულ კომპანიაზე აქტივის გადაცემა აღარ დაიბეგრება

პარლამენტი

პარლამენტის მმართველი გუნდის დეპუტატთა ინიციატივით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. ცვლილებები მიზნად ისახავს იმ ქართული კომპანიების იურიდიული მფლობელობის საქართველოში დაბრუნებას, რომლებიც ამჟამად ოფშორულ კომპანიებზე არის რეგისტრირებული. კანონპროექტის თანახმად, აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება. ამასთან, დაბეგვრისგან გათავისუფლდება ამ კომპანიების მიერ საქართველოში შემოტანილი აქტივებიც.

საქმე ისაა, რომ ათობით მსხვილი ქართული კომპანია ამჟამად საგადასახადო უპირატესობების მოპოვების, თუ საკუთარი აქტივების დაცვის მოტივით იურიდიულად ოფშორული კომპანიის მფლობელობაშია. ამ კომპანიების ბენეფიციარი მფლობელები ისევ ქართველი ბიზნესმენები არიან, თუმცა კაიმანის კუნძულებში, პანამაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა თუ ბელიზში. ასეთი კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება მსხვილი მეტალურგიული ქარხნები, დეველოპერული კომპანიები, კომერციული ბანკი, სასტუმროები და სხვა მრავალი კომპანიები, რომლებიც ქართულ ბაზარზე ოპერირებენ. ოფშორების მეშვეობით ამ კომპანიებს საგადასახადო ტვირთის მინიმიზაცია შეუძლიათ, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ჩათვლიან რომ სახელმწიფომ მათი უფლებები დაარღვია, როგორც “პანამელ” თუ “კაიმანელ” ინვესტორს, საერთაშორისო არბიტრაჟში მიმართვა შეუძლია, რაც მას დაცულობის კიდევ დამატებით პრივილეგიას ანიჭებს.

შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღებით "ქართული ოცნების" დეპუტატები ცდილობენ ქართველი ბიზნესმენების მიერ უცხოეთში შექმნილი ბიზნეს სტრუქტურების სრულად ქართულ იურისდიქციაში მოქცევას შეუწყონ ხელი. თუმცა, უცნობია რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ეს ინიციატივა იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის მეშვეობით საქართველოს წინააღმდეგ დავის დაწყების უფლება და დაბალი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობის უფლება როგორც წესი ბიზნესმენებისთვის უფრო მიმზიდველია - მეტიც სწორედ ამ მიზნით არის აღნიშნული კომპანიები ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილიც კი საქართველოში მის ბიზნეს ოპერაციებს ოფშორების გავლით ახორციელებს, რადგანაც “ქართუ ბანკი”, “ტურიზმის განვითარების ფონდი” თუ “თანაინვესტირების ფონდი” იურიდიულად ოფშორული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს. უცნობია, რამდენად გაითვალისწინებს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი მისი პარტიის დეპუტატთა ინიციატივას და მისი ბიზნეს სუბიექტების იურიდიულ მფლობელებად კაიმანსა თუ პანამაში რეგისტრირებული კომპანიების ნაცვლად, საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესებზე გადააფორმებს.

პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1 იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.

კანონპროექტის განმარტებით ბარათს თან არ ახლავს ის შესაძლო კალკულაცია, თუ რამდენი მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავალს შეიძლება შეეხოს აღნიშნული შეღავათი.

კანონპროექტის ავტორები არიან: პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები