მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო სისტემისთვის საფრთხის შექმნა მხოლოდ ბანკების პრობლემა არ იქნება, ყველას შეგვეხება - კეპულაძე

გიორგი კეპულაძე

საზოგადოება და ბანკებისდამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეების ფინანსური სანქცირების შემთხვევაში, ნათია თურნავას საგამონაკლისო ბრძანების მიუხედავად, ქართულ ბანკებს სანქციების დაცვა მოუწევთ.

გიორგი კეპულაძემ BMG-სთან იმ პოტენციურ რისკებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც საბანკო სექტორი დადგება, თუ საჭიროების შემთხვევაში, სანქციებს არ აღასრულებს. მისი თქმით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება ბანკებს რთულ მდგომარეობაში აყენებს, ვინაიდან თუ სანქციებს არ დაემორჩილებიან, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიადგებათ, რაც საბოლოოდ, ბანკებთან ერთად, მოქალაქეებსაც დააზარალებს.

ამასთან, საზოგადოება და ბანკებისდამფუძნებელი ფიქრობს, რომ ბანკები უნდა მუშაობდნენ გეგმაზე და განსაზღვრული ჰქონდეთ, როგორ იმოქმედებენ მათ შორის ყველაზე მძიმე სცენარის შემთხვევაში.

„თუ იქნება ფინანსური სანქციები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რისი ალბათობაც შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტის გუშინდელი სხდომის შემდეგ, საკმაოდ მაღალია, საბანკო სექტორს ალბათ მოუწევს, რომ ამ სანქციებს დაემორჩილოს, რადგან საბანკო სექტორი საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილია. თუმცა აქ დგება შემდეგი პრობლემა, რაზეც გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული ვსაუბრობთ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ცნობილი ბრძანება, რომელიც ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიიღეს, რომ საქართველოს მოქალაქისთვის შეზღუდვების დაწესება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ შეიძლება. ეს მადესტაბილიზიბელი ფაქტორია და საბანკო სექტორს ორ ცეცხლს შუა აყენებს. ჩვენ გვახსოვს საბანკო სექტორის განცხადება, რომ რჩებიან საერთაშორისო სანქციების რეჟიმში, ამით გამოდის, რომ უნდა დაარღვიონ ეროვნული ბანკის ბრძანება, რამაც შესაძლოა ადგილობრივ დონეზე დაჯარიმება გამოიწვიოს. თუმცა საერთაშორისო სანქციების დარღვევა კიდევ უფრო მეტ დარტყმას მიაყენებს ბანკებს პირველ რიგში რეპუტაციულად და მით უმეტეს, მოსახლეობის აღქმაში. ამიტომ ბანკებს მოუწევთ პრაგმატულად გადაწყვიტონ, რა უფრო ნაკლებად დამაზიანებელია. მოგეხსენებათ, ევროში ან დოლარში გადარიცხვებისთვის ერთი გერმანული და ერთი ამერიკული საკორესპონდენტო ბანკი გვყავს. შესაბამისად, თუ ქართული ბანკები სანქციებს არ დაემორჩილებიან, შესაძლებელია უკვე ე.წ. მეორადი სანქციები გამოჩნდეს. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ შესაძლებელია მათ შეექმნათ პრობლემა საერთაშორისო გადარიცხვებზე, გზავნილებზე და მთლიანობაში ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება პრობლემა. მიმაჩნია, რომ თავად ბანკებიც უნდა ფიქრობდნენ, როგორ იმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ სანქცირების საკითხი დადგება. როგორც სტრატეგიულად, ისე ფინანსურად და საკომუნიკაციო თვალსაზრისით გეგმა უნდა ჰქონდეთ შემუშავებული, რადგან ფინანსური სისტემა რეპუტაციაზე დგას, თუ მოსახლეობა არ ენდობა, მაშინ იქმნება პრობლემები. საბედნიეროდ, საქართველოს ფინანსური სისტემა დღეს სტაბილური და მყარია. რეპუტაცია წლობით შენდებოდა, სანდოობის თვალსაზრისით პრობლემა საქართველოს საბანკო სისტემასთან დიდი ხანია არ არსებობს“, - ამბობს კეპულაძე.

გიორგი კეპულაძე ოფშორებთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დამატებით რისკად მიიჩნევს, რომელმაც შესაძლოა, საკორესპონდენტო ბანკებთან ურთიერთობები და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის საერთაშორისო გადარიცხვები გაართულოს. საზოგადოება და ბანკებისდამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება მთელ საზოგადოებაზე მოახდენს გავლენას.

„სანქციების შიში აქვს ხელისუფლებას. ეს უკვე ოფშორების შესახებ საგადასახადო ცვლილებამ გაამყარა, იმიტომ, რომ ძალიან დაჩქარებული წესით მიიღეს ცვლილება, რომელსაც ჩემი აზრით, დიდი საზოგადოებრივი დისკუსია სჭირდებოდა. ასევე, ფაქტია, რომ თანაკვეთაშია კანონპროექტთან [ე.წ. რუსულ კანონთან], რომელიც მეორე მოსმენას ელოდება.

თუ ჩვენ ვხდებით ოფშორების სამოთხე, საეჭვო და გაუმჭვირვალე კაპიტალისთვის, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ასეთ ქვეყანას თავისთავად ეჭვის თვალით შეხედავენ, რაც საინვესტიციო გარემოს გაგვიუარესებს და არ მგონია, რომ ეს დააბალანსოს ოფშორებიდან გადმოტანილმა აქტივებმა. კი ვხვდებით, ვის ინტერესში შეიძლება იყოს ეს - იმ ადამიანის, რომელიც მმართველ ძალაში ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. ამან შეიძლება შექმნას დამატებითი პრობლემები გადარიცხვებთან, საკორესპონდენტო ბანკებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი მათ არ ეხება, ფიქრობენ, რომ არასამთავრობოებს ეხებათ, მით უმეტეს არც ოფშორებში აქვთ ფული და არც იქიდან გადმოტანილ ფულს მისცემს ვინმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, საფინანსო სისტემისთვის საფრთხის შექმნა, ყველა ჩვენგანზე აისახება, ეს უნდა გაისიგრძეგანონ მოქალაქეებმა, სანამ ნეიტრალურ პოზიციაში რჩებიან და ჰქონიათ, რომ მათ რაღაც არ ეხებათ“,- აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში დარეგისტრირდა 4 სხვადასხვა რეზოლუცია „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“. ამ რეზოლუციებიდან სამში არის მოწოდება, რომ მოხდეს იმ 83 დეპუტატის სანქცირება, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას უჭერენ მხარს. ამასთან, რეზოლუციის პროექტებში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაცაა. აღსანიშნავია, რომ "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, საბოლოო, შეჯერებულ ვერსიას წარმოადგენს და მასში სანქცირებასთან დაკავშირებით მოწოდება აღარაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები