"საქართველოს საბანკო სისტემა მკაცრად იცავს საერთაშორისო სანქციებს"- ასე პასუხობს ეროვნული ბანკი BMG-ის კითხვას, მიიჩნევს თუ არა სებ-ი, რომ 2023 წლის საგამონაკლისო ბრძანება ვრცელდება „გლობალური მაგნიტსკის აქტით“ გათვალისწინებულ სანქციებზეც.
სავარაუდოდ, იურიდიულად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ 2024 წლის 19 სექტემბერს გამოცემული საგამონაკლისო ბრძანება „გლობალური მაგნიტსკის აქტის“ სანქციებს არ ეხება, რადგან ბრძანება მხოლოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების აღსრულებას არეგულირებს. შესაბამისად, ეს გამონაკლისი ვრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დასანქცირდნენ უკრაინასთან დაკავშირებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, და არა სხვა სასანქციო ნორმებით, მათ შორის „გლობალური მაგნიტსკის აქტის“ პაკეტზე.
20 დეკემბერს საქართველოს საბანკო ასოციაციამ განაცხადა, რომ საბანკო სისტემა მკაცრად იცავს და მომავალშიც დაიცავს აშშ-ის, ევროკავშირის და ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.
აშშ-მა 19 დეკემბერს „გლობალური მაგნიტსკის აქტის“ ფარგლებში საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სანქცირებულთა სიაში შეიყვანა და მას ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ეს გადაწყვეტილება შსს-ს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაკანონიერ გამოყენებას უკავშირდებოდა. „გლობალური მაგნიტსკის აქტით“ აშშ-ის სანქციებში საქართველოს სულ 6 მოქალაქეა შეყვანილი.
BMG-მ ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით, ფიქრობს თუ არა სებ-ი, რომ საგამონაკლისო ბრძანება ეხება „გლობალური მაგნიტსკის აქტით“ სანქცირებულ პირებსაც, მაშინ როდესაც ბრძანების ტექსტი მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებულ სანქციებზე მიუთითებს, ხოლო „გლობალური მაგნიტსკის აქტის“ სანქციები არ უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს. სებ-ის პასუხი ამ კითხვაზე მხოლოდ არის შემდეგი: "საქართველოს საბანკო სისტემა მკაცრად იცავს საერთაშორისო სანქციებს."
2023 წელს, როდესაც ეროვნული ბანკის მიერ საგამონაკლისო წესი დამტკიცდა, აშშ-ის სანქციებში საქართველოს მხოლოდ ერთი მოქალაქე იყო შეყვანილი — ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. მისი სანქცირება უკავშირდებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის დაწესებულ სანქციებს, რადგან ის დაკავშირებული იყო რუსულ FSB-სთან და მოქმედებდა საქართველოში რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად. ოქტომბერში, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა შეუჩერა.




























