"რადიო თავისუფლება" აქვეყნებს ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, საბოლოო შეჯერებულ ვერსიას წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ გუშინ ევროპარლამენტში დარეგისტრირდა 4 სხვადასხვა რეზოლუცია საქართველოში აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ამ რეზოლუციებიდან სამში იყო მოწოდება, რომ მომხდარიყო იმ თანამდებობის პირების სანქცირება, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას უჭერენ მხარს, ამასთან რეზოლუციის პროექტებში ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაც იყო. თუმცა "რადიო თავისუფლების" მიერ მოპოვებულ რეზოლუციის კონსოლიდირებულ ვერსიაში აღნიშნული მოწოდება აღარაა. საბოლოოდ რეზოლუციისთვის კენჭისყრა 25 აპრილს იგეგმება.
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი:
- ევროპარლამენტი გმობს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას;
- ხაზს უსვამს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრებაზე, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
- სანამ ასეთი კანონი ძალაში იქნება, არ უნდა გაიხსნას გაწევრების მოლაპარაკებები;
- მოუწოდებს „ოცნებას“, ისევ გაიწვიოს კანონპროექტი და აღარ წარადგინოს არც ის და არც რაიმე სხვა ცვლილება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება;
- კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს;
- ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და შეშფოთებას გამოხატავს საპოლიციო ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო დემონსტრანტების დაშლისას; მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ასეთი საქმე და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ;
- გმობს „ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის მსგავსი, ძალიან პრობლემური კანონმდებლობით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონით“
- იხსენებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირებისათვის და ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად;
- ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს საქართველოს პროგრესი 9 რეკომენდაციის შესრულების გზაზე - მოამზადოს შუალედური შეფასება;
- ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეაფასონ რა გავლენა ექნება მათ, როგორც დონორის, როლზე კანონის მიღებას და ცხადად აუხსნან შედეგები საქართველოს ხელისუფლებას;
- მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას;
- კვლავ უცხადებს ურყევ მხარდაჭერას ქართველ ხალხს „ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მისაღწევად“.
- ეუთო/ODIHR-ს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში გაგზავნოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია.