„უკვე აღარ არის საუბარი ამ კანონზე, არის კურსის ცვლილებაზე, რომელიც დაგვარტყამს არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც, რაც თითოეული ქართველის ჯიბეზე აისახება, რადგან საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ავტოკრატიულ რეჟიმში ან ტოტალიტარულ რეჟიმში იცხოვროს“,- ამის შესახებ bm.ge-სთან „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე აცხადებს.
დღეს რუსული კანონის მესამე მოსმენით მისაღებად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 1 წუთი და 7 წამი დასჭირდა. კითხვა და შენიშვნა არავის ჰქონია, ოპოზიციონერი დეპუტატების მისვლას, რომლებმაც პარლამენტში შესვლა შეფერხების შემდეგ შეძლეს, უმრავლესობა არ დაელოდა. მმართველ ძალას კომიტეტის ჩატარება პარლამენტის გარე პერიმეტრზე საპოლიციო ძალების სრული მობილიზების ფონზე მოუწია.
გიორგი კეპულაძის შეფასებით, დეპუტატების საქმიანობა, რომელთაც სამსახურში მისასვლელად და გამოსასვლელად პოლიციის სრული მობილიზება სჭირდებათ, ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, შესაბამისად არალეგიტიმურია მათ მიერ 60 წამში მიღებული გადაწყვეტილება კანონის მესამე მოსმენით მიღების შესახებ.
„ჩვენ ვართ დამოკიდებული საერთაშორისო დახმარებაზე. ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო ფონდების განცხადებები, ასევე ვხედავთ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც გვემუქრება იმით, რომ შეიძლება ჩავიხსნათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან. ეს გამოიწვევს თავისთავად ჩვენი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას და ყველაზე მეტად გაჭირვებულ ადამიანებზე აისახება და არ აისახება იმ პოლიტიკურ ელიტაზე სამწუხაროდ, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას“, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.