მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოფშორიდან აქტივის გადმოტანის საგადასახადო შეღავათი დეპუტატის აზრით, ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული

კობახიძე

პარლამენტის მმართველი გუნდის დეპუტატთა ინიციატივით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. ცვლილებები მიზნად ისახავს იმ ქართული კომპანიების იურიდიული მფლობელობის საქართველოში დაბრუნებას, რომლებიც ამჟამად ოფშორულ კომპანიებზე არის რეგისტრირებული. კანონპროექტის თანახმად, აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება. ამასთან, დაბეგვრისგან გათავისუფლდება ამ კომპანიების მიერ საქართველოში შემოტანილი აქტივებიც. შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღებით "ქართული ოცნების" დეპუტატები ცდილობენ ქართველი ბიზნესმენების მიერ უცხოეთში შექმნილი ბიზნეს სტრუქტურების სრულად ქართულ იურისდიქციაში მოქცევას შეუწყონ ხელი.

თუმცა, დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, ინიციატივა პირდაპირ არის მორგებული "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე, ამასთან რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა, შესაძლოა, სანქცირების მიმართ მოლოდინით ან ამ მიმართულებით დაზღვევის სურვილით იყოს განპირობებული.

"როგორც ჩანს, ოცნება შესაძლო სანქციებისთვის ემზადება. დაჩქარებული წესით, საგადასახადო ამნისტიასთან ერთად, შემოდის დროებითი ნორმა, რომლის თანახმად, თუ ფიზიკური პირი ოფშორული ტერიტორიებიდან საქართველოში გადმოიტანს კომპანიას, ის არ დაიბეგრება (ახლა იბეგრება, რათა ფულის გათეთრება არ ხდებოდეს). გარდა ამისა, თუ იგივე ფიზიკური პირი ამ პროცესში საქართველოში მის საკუთრებასაც შემოიტანს, მაგალითად, თვითმფრინავს ან მანქანას, ის ასევე არ დაიბეგრება იმპორტის გადასახადით და არც ქონების გადასახადით 2030 წლამდე. ახლა გასარკვევია, თუ ვინ არის ის ფიზიკური პირი, ვისაც ოფშორულ ტერიტორიებზე კომპანიები აქვს და აპირებს იქიდან ფულის შემოტანას, თვითმფრინავებსა და მანქანებთან ერთად,"- წერს რაქვიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მის ბიზნეს ოპერაციებს ოფშორების გავლით ახორციელებს, რადგანაც “ქართუ ბანკი”, “ტურიზმის განვითარების ფონდი” თუ “თანაინვესტირების ფონდი” იურიდიულად ოფშორული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს.

პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1 იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები