"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკონომისტი აცხადებს, რომ "საგადასახადო შეღავათებისა" და "გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღება არა მხოლოდ პერსონალურ, არამედ ინსტიტუციურ რისკებს გამოიწვევს.
"[სანქციები] იმაზეა დამოკიდებული, "ქართული ოცნება" რამდენად შორს წავა. თუ "რუსულ კანონსაც" მიიღებს, ყველაფერი მოსალოდნელია. არა მხოლოდ პერსონალური რისკები, ინსტიტუციური რისკებიც არსებობს. ქვეყნის სანქცირების რისკიც არსებობს",- აღნიშნავს ბესო ნამჩავაძე.
ეკონომისტის განცხადებით, მოსალოდნელ შესაძლო სანქციებზე ეროვნული ბანკის მხრიდან 7 ტონა ოქროს შეძენაც მეტყველებს.
"ამაზე კარგად მიანიშნებს 7 ტონა ოქროს ყიდვა, რომელსაც არანაირი ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რომ შეეშინდათ ეროვნული ბანკის რეზერვებიც არ მოყოლილიყო სანქციების ქვეშ. ამასთან, ეროვნულ ბანკს გამოცემული აქვს ისეთი წესი, რომელიც საერთაშორისო სანქციებთან წინააღმდეგობაში მოდის. წესი კომერციულ ბანკებს ეუბნება, სანქციებს არ დაემორჩილონ, სანამ ქართველი მოსამართლე არ გადაწყვეტს. ემზადებიან, ალბათ, ყველაზე ცუდი სცენარისთვის. ეს მიდგომა ივანიშვილს და მცირე ჯგუფს გადაარჩენს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად აისახება", - აცხადებს ბესო ნამჩავაძე.
საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას. კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება. ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო. კანონის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.