მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოფშორების შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულის ანალოგიური კანონი რუსეთში მოქმედებს - დავით პაპიაშვილის შეფასება

ბაზრობები

აუდიტორული კომპანიაკრესტონ ჯორჯიასმმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ ოფშორებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათების დაწესების შესახებ კანონპროექტის მსგავსი კანონი რუსეთში მოქმედებს.

დავით პაპიაშვილის განმარტებით, რუსეთში მოქმედი ანალოგიური კანონი ძირითადად რუსი ბიზნესების სანქციებისგან დაცვას ემსახურება.

„განსხვავებები ქართულ კანონპროექტსა და რუსეთში მოქმედ კანონს შორის რა თქმა უნდა, არის მაგრამ ძირითადი არსი იგივეა და ის ძირითადად მიზნად ისახავს რუსი ბიზნესმენების მიერ სანქციებისგან თავის არიდებას, რა მიზნითაც ხდება რუსი ბიზნესმენების უცხოური კაპიტალის რუსეთში დაბრუნების წახალისება და აღნიშნულ ნაწილში სრული ამნისტიის გამოცხადება“,- აღნიშნავს დავით პაპიაშვილი.

"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, დავით პაპიაშვილი BMG-სთან საუბრისას, არაერთ კითხვასა და რისკზე მიუთითებს. მისი შეფასებით, აღნიშნული კანონი ე.წ. რუსული კანონის ერთგვარი გაგრძელებაა.

ოფშორებთან ურთიერთობა აქამდე ყოველთვის შეზღუდული იყო. მათ შორის, გაუმჭვირვალობიდან გამომდინარე, იმაზე მეტად იბეგრებოდა ვიდრე ჩვეულებრივ კომპანიებთან. ახლა გამოდის, რომ ოფშორებთან ურთიერთობა ჩვენი პრიორიტეტია. ძალიან ბევრი რისკია და დიდ კითხვებს აჩენს. პირველი, რატომ არის ეს მაინცდამაინც ოფშორულ კომპანიებზე. არათანაბარ გარემოს ქმნის ბიზნესისთვის, რადგან გაუგებარია, რატომ არაა იგივე მიდგომა ევროპელ, ამერიკელ, აზიელ ინვესტორებზე არაოფშორული ქვეყნებიდან. მეორე კითხვის ნიშანი რაც მაქვს, ხაზგასმაა, რომ ოფშორულმა კომპანიამ ქართულ კომპანიას ყველა აქტივი უნდა გადმოსცეს. აქტივების ნაწილი რომ გადმოსცეს აღარ აქვს საგადასახადო შეღავათები. თუ ვინმეს ვათავისუფლებთ გადასახადებისგან, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კანონმდებლობა არ იყოს ორაზროვანი. კითხვა ჩნდება, თუ კანონმდებლობა მკაფიო არაა, ხომ არაა ეს სპეციალურად გაკეთებული, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო აუდიტორს მიეცეს ინტერპრეტაციის საშუალება და სუბიექტური მიდგომით, ვიღაც დაბეგროს და ვიღაც - არა. ამის გამოცდილება გვაქვს. იმის გამო, რომ გაურკვეველია, რა ითვლება ყველა აქტივის მიწოდებად, ათასობით კომპანია დაჯარიმებული. გამოდის, რომ ვიღაცამ შეიძლება უსაფრთხოდ შემოიტანოს ფული, ვიღაცას კი არ ჩაუთვალონ და დააჯარიმონ.

ჩემი აზრით, ეს კანონი იმ კანონის გაგრძელებაა, რომელმაც ვითომ გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს. ერთის მხრივ, აგენტების კანონით გაუმჭვირვალობას ვებრძვით და ფაქტობრივად, უცხოელი დონორების მხრიდან ფულის შემოსვლა შეიზღუდება. მეორე მხრივ, ქართული შპს რომ მიიღებს ფულს ოფშორიდან და გასცემს ფიზიკურ პირზე, ეს არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით, შემდეგ უკვე სად წავა ან ვინ დაფინანსდება ამ ფულით არავინ იცის, რადგან ამ ფიზიკურ პირს ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება აქვს. ამ ნაწილში დიდი ხვრელები და გაუმჭვირვალობა გაჩნდება.

კიდევ ერთი საინტერესო საკითხია, რატომ მაინცდამაინც 2028 წლამდე უნდა შემოვიდეს ეს აქტივები. თუ ეს კარგია და გვინდა, მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ უნდა მოვიზიდოთ ფული ოფშორებიდან, რატომ ხდება ამ ნორმის დროებით ამოქმედება. 2024-დან 2028 წლამდე შემდეგი მოწვევის პარლამენტის პერიოდს საეჭვოდ ემთხვევა და იკითხება, რომ ეს არის პოლიტიკასთან დაკავშირებული თანხები. ისე გამოდის, რომ შეიძლება ვიღაც ადამიანმა მოასწროს ამ პერიოდში ფულის შემოტანა და ამ ფულის აღურიცხველად, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ამავე კანონპროექტში არის ფიზიკური პირებისთვის 2021 წლამდე არსებული ვალის ჩამოწერის შესახებ ჩანაწერი, რომელიც, როგორც ირკვევა, არა მხოლოდ ადგილობრივი ფიზიკური პირების საქართველოში საქმიანობიდან წარმოშობილი 2021 წლამდე ვალად დაგროვილი გადასახადების ჩამოწერას ემსახურება, არამედ ისეთი ფიზიკური პირებისთვის ვალის ჩამოწერასაც, რომლებმაც ფული უცხოეთში იშოვეს და ან აქამდე უნდა წარმოშობოდათ საგადასახადო დავალიანება ან წარმოეშობოდათ ამ აქტივების საქართველოში გადმოტანის შემდეგ. ამასთან, ფიზიკური პირების ამ კატეგორიას, ვინც ფული უცხოეთში იშოვა, არა მხოლოდ 2021 წლამდე მიღებულ შემოსავლებზე წარმოშობილი ვალი ჩამოეწერებათ, არამედ მის შემდეგ წარმოშობილიც და თან, ამ ფულის დაუბეგრავად შემოსატანად დროც საკმაოდ აქვთ, 2028 წლის 1 იანვრამდე. ეს არათანაბარ პირობებს ქმნის, იმ ფონზე, რომ ადგილობრივ ინდივიდუალურ მეწარმეს მხოლოდ 2021 წლამდე გადასახადებს პატიობენ“,- ამბობს დავით პაპიაშვილი.

საქართველოს პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას. კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება. ცვლილებას მხარი დაუჭირა 75-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები