საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი მიიჩნევს, რომ ოფშორებთან დაკავშირებული საგადასახადო ცვლილებები საქართველოსთვის საკმაოდ დიდ რისკებს შეიცავს.
როგორც ფადი ასლიმ BMG-სთან საუბრისას აღნიშნა, თეორიულად, ოფშორებიდან ფულის შემოსვლა ეკონომიკისთვის პოზიტიური ფაქტორი შეიძლება იყოს, თუმცა პრაქტიკულად ეს შესაძლოა, იყოს არხი საეჭვო ბიზნესმენებისთვის საქართველოში ფულის გადმოსატანად.
მისივე შეფასებით, პოტენციურად საერთაშორისო ტრანზაქციების შესრულება გართულდება, რადგანაც საქართველოს კიდევ უფრო მკაცრად დააკვირდებიან.
„არის კანონის კარგი და ცუდი მხარეები. კარგი ისაა, რომ ბევრი ოფშორის მფლობელი ენდომება ფულის საქართველოში გადმოტანა. თეორიულად, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების და შემოწმების მიუხედავად, თუ ეს ფული შემოვა საქართველოში, ეკონომიკას სარგებელს მოუტანს. ამას ამბობს მთავრობა, მაგრამ პრაქტიკულად, ეს იქნება არხი მსოფლიოს მასშტაბით საეჭვო და ჩრდილოვანი ბიზნესმენებისთვის საქართველოში ფულის გადმოსატანად. ეს შესაძლოა, ძალიან სახიფათო იყოს საქართველოსთვის. არის რისკი, რომ საქართველოს საბანკო სისტემა დასანქცირდეს.
საქართველო უკვე არის Moneyval-ისა და ტექნიკურ შესაბამისობას ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რადარზე, რომლებიც დიდი ყურადღებით ამოწმებენ საქართველოსთან ყველა საბანკო ტრანზაქცია. აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ვოჩდოგები კიდევ უფრო დიდი ყურადღებით დააკვირდებიან საქართველოსკენ მომავალ ტრანზაქციებს, რაც ნიშნავს, რომ კანონიერი ბიზნესებისთვის ბიზნესის კეთება კიდევ უფრო გართულდება, ვინაიდან ქართულ ბანკებს მოეთხოვებათ, რომ უფრო მკაცრები იყვნენ საქართველოში შემომავალი ტრანზაქციების შემოწმებისას“, - ამბობს ფადი ასლი.
მისივე შეფასებით, კანონის შედეგად, არსებობს რისკი, რომ რუსმა ოლიგარქებმა საქართველო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად გამოიყენონ.
„დიახ, სარგებელი მოუტანს ბიძინა ივანიშვილის და მის მეგობრებს, რუს ოლიგარქებს, რომლებსაც აქვთ ოფშორები არა საკუთარი, არამედ სხვისი, მეგობრების, დასაქმებულების და ა.შ სახელის ქვეშ. ეს ოფშორები არაა სანქცირებული. მათ შეეშინდებათ და მოინდომებენ თანხის გადმოგზავნას საქართველოში. ჩვენ დავასრულებთ ამ ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით. ამას შეუძლია, საქართველო ძალიან მძიმე ვითარებაში ჩააყენოს, რადგან თუ ერთი ქართული ბანკი მაინც იქნება სანქციების ქვეშ, ეს ძალიან ცუდად აისახება სხვა ბანკებზეც“,- აღნიშნა ფადი ასლიმ.
ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 19 აპრილს მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილეს. ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო. კანონის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.
ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება. საკანონმდებლო ცვლილების თანაავტორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის თქმით, ეს ცვლილება ივანიშვილს არ უკავშირდება და რომც უკავშირდებოდეს, "ამით ცუდი არაფერი ხდება", ამასთან პაატა კვიჟინაძემ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ივანიშვილი შეიძლება საერთაშორისო საფინანსო სანქციების სამიზნე გახდეს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება” ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს.