მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „განათლების ხარისხის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტი
26.06.24 20:12
134

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და ერთხმად დაუჭირა მხარი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბაია კვიციანმა წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხსენებლის თქმით, ცვლილებების საფუძველია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, კანონმდებლობაში დეტალურად უნდა გაიწეროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების პირობები და წესი. ასევე, ცენტრის დირექტორი იმავდროულად არ შეიძლება იყოს დასაქმებული ან ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

მისივე ინფორმაციით, აუცილებელია გაიზარდოს ცენტრის დამოუკიდებლობა, ამისთვის კი საჭიროა გაიზარდოს ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მმართველობითი უფლებამოსილებები და ჩაერთოს დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცესში.

ბაია კვიციანის თქმით, საქართველო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრი 2019 წელს გახდა. მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ასოციაციამ უნდა მიიღოს საქართველოს ხელახალი წევრობის გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები