მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

5f622ed4c2384
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.20 19:40
925
78 მომხრე 0 წინააღმდეგი - ასეთი იყო პარლამენტის კენჭისყრის შედეგები, რომელზეც კონკურენციის შესახებ კანონს უყარეს მესამე მოსმენით კენჭი. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი კონკურენციის საკითხების შესახებ ქართული კანონმდებლობის ევროკავშირში მოქმედ ნორმებთან ჰარმონიზებას ისახავს მიზნად. ცვლილებები ასევე განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს უფლება-მოსილებებს სხვადასახვა სახის დავების განხილვის პროცესში. 

ამასთანავე, კანონში არის ჩანაწერი დემპინგის შესახებაც, კონკრეტულად კი მითითებულია, რომ კონკურენციის სააგენტო ადგილობრივი წარმოების დემპინგური იმპორტისგან დაცვის მიზნით კონკურენციის სააგენტო დემპინგის შესახებ საკითხებს განიხილავს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონის შესაბამისად.

"სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთანავე, სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას; კერძოდ, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ახორციელებს შესწავლას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს საქართველოს მთავრობას," - ნათქვამია კანონში. 

კანონის განახლებული სანქციების შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს უფლება ექნება სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს, რათა კომპანიამ, რომელმაც სააგენტოს გადაწყვეტილებით კანონდარღვევა ჩაიდინა სხვადასხვა ვალდებულება დაეკისროს, მათ შორისაა წილების, აქტივების გაყიდვის ვალდებულება, რეოგრანიზაციის განხორციელების ვალდებულება ან სხვა სანქციები. 

"თუ კონცენტრაცია განხორციელდა და ეკონომიკურმა აგენტმა/ეკონომიკურმა აგენტებმა შესაბამის ვადაში არ განახორციელა/არ განახორციელეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიება, სააგენტო ეკონომიკურ აგენტს აკისრებს ჯარიმას ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად. სააგენტო, ეკონომიკური აგენტისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად ეკონომიკურ აგენტს შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, ეკონომიკურ აგენტს განესაზღვრება ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად," - ნათქვამია კანონში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები