მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა - რა იცვლება

კანონი
29.11.23 20:54
1026

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით - 80 ხმით მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 იანვრამდე შეუნარჩუნდება შესაძლებლობა სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყოს. ამისთვის მან უნდა წარადგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით.

გარდა ამისა, კანონის პროექტით „მეწარმეთა შესახებ“ კანონს ემატება დადგენილი ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება.

მომხსენებლის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონის ამოქმედების შემდეგ დღის წესრიგში დადგა ამოცანა, რომელიც ხელახალი რეგისტრაციების საკითხს უკავშირდება.

„შესაბამისი ნორმა ითვალისწინებს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მანამდე დაარსებულმა კომპანიებმა საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ ახალი კანონის მოთხოვნებთან. ეს ვადა იწურება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს. ბუნებრივია, ჩვენს მიერ მიმდინარეობდა დაკვირვება თუ რამდენად სწრაფად და რამდენად ყველა სუბიექტი ახორციელებდა ხელახალი რეგისტრაციის განხორციელებას.

სამწუხაროდ, მიმართვიანობის ტემპი ბიზნესის მხრიდან არცთუ მაღალია და შესაბამისად, საკმაოდ დიდია იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც სავარაუდოდ, მოქმედ ბიზნესებს წარმოადგენენ და საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში არ მოუყვანიათ ახალ კანონმდებლობასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ ერთი მხრივ, გადავადდეს რეგისტრაციის ვადა და გარდა ამისა, ახლებურადაც რეგლამენტირდეს გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული ცალკეული საკითხი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები