მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

64887f6459bbc
BM.GE
13.06.23 19:42
1156
სტატიაში საუბარია:
პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კენჭისყრა დღეს გაიმართა. 

პროცედურის თანახმად, კენჭი ეყარა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონს, პირვანდელი ვერსიით, კენჭისყრის შედეგები კი ასეთია: 82 - მომხრე, 9 - წინააღმდეგი. 

მანამდე კი კენჭი უყარეს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, რომელსაც მხარი დაუჭირა 15-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ 26-მა მისცა ხმა. 

შეგახსენებთ, კანონპროექტს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო.

ვეტოს დაძლევით კი პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას.

ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

კანონში არსებული ეს ჩანაწერი პირდაპირ მიემართება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს, რომელიც ამჟამად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსურულებელია. მას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ არჩილ მესტვირიშვილს სებ-ის საბჭოში გაუვა ვადა, ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთ ვიცე-პრეზიდენტს დანიშნავს.

4 ვიცე-პრეზიდენტს შორის სებ-ის საბჭო აირჩევს პირველ ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასაჭირო იყო და ის ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მიერ კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. ანალოგიურად მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც. IMF პრეზიდენტის ვეტოს მიესალმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები