საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში. ცვლილება სამი მოსმენით განიხილეს და მას მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა. მთავრობა განმარტავდა, რომ ცვლილების დაჩქარებული წესით მიღება აუცილებელი იყო, რადგან ის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.
ახალი კანონით სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ორი ახალი ინსტრუმენტი ინერგება - ჩარჩო შეთანხმება და ელექტრონული კატალოგი. განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული მექანიზმები შემსყიდველ ორგანიზაციებსა და ბიზნესს ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, რეფორმის მიზანია შესყიდვების პროცესი უფრო მოქნილი, გამჭვირვალე და კონკურენტული გახდეს, ასევე სახელმწიფო რესურსების უფრო ეფექტიანად დაიხარჯოს.
ცვლილებები ასევე ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში. პროექტი ქვეკონტრაქტორის ინსტიტუტს ცალკე არეგულირებს და განსაზღვრავს მისი შერჩევის, პასუხისმგებლობისა და კონტროლის წესებს. დოკუმენტის თანახმად, ეს ხელს უნდა უწყობდეს მცირე და საშუალო კომპანიების ჩართულობის ზრდას.
კანონი ამკაცრებს ე.წ. „შავი სიის“ მექანიზმსაც. ცვლილებების მიხედვით, თუ ეკონომიკური ოპერატორი ხელშეკრულების მიღების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს, მისი „შავ სიაში“ რეგისტრაციის ვადა ერთი წლის ნაცვლად ორ წლამდე გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა შეეზღუდებათ იმ კომპანიებსაც, რომელთა დამფუძნებლები ან ხელმძღვანელები დაკავშირებული არიან „შავ სიაში“ რეგისტრირებულ პირებთან.
კანონი ასევე ითვალისწინებს უფრო მკაცრ მიდგომას გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში ნასამართლევი პირების მიმართ. კერძოდ, კორუფციის, თაღლითობის, ფულის გათეთრების, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას შეეძლება ასეთი პირების დისკვალიფიკაცია მაღალი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებიდან.
კანონით ინერგება სახელმწიფო შესყიდვების დარეზერვების მექანიზმიც, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვას ისახავს მიზნად. დოკუმენტის მიხედვით, გარკვეული შესყიდვები შეიძლება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის იყოს დარეზერვებული, რომლებიც სპეციალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
ცვლილებები შეეხება ფასთა ინდექსაციის საკითხსაც. კანონი ითვალისწინებს, რომ გრძელვადიან სახელმწიფო კონტრაქტებში ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება შესაძლებელი იქნება ფასების ცვლილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
ამასთან, ფართოვდება გამარტივებული შესყიდვის გამოყენების შემთხვევებიც. კანონის მიხედვით, საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და პროკურატურის წარმომადგენლებს 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვების განხორციელება გამარტივებული წესით შეეძლებათ.
რეფორმის ნაწილის ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება. მაგალითად, „შავ სიასთან“, ჩარჩოშეთანხმებასა და ელექტრონულ კატალოგთან დაკავშირებული ნორმები 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული ცვლილებები - 2026 წლის 1 სექტემბრიდან. ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებული მექანიზმი კი 2026 წლის 1 ივნისიდან შევა ძალაში.




























