მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის" გაუქმებას მხარი დაუჭირა

საქართველოს განვითარების ფონდი

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტს.

ორგანიზაციის გაუქმების შემდეგ, მისი აქტივები და პროექტები შეერწყმება ეკონომიკის სსიპ "აწარმოე საქართელოში"-ს და მის საფუძველზე ახალი ფინანსური ინსტიტუტი - "ეკონომიკის განვითარების ბანკი" დაფუძნდება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, უშუალოდ "ეკონომიკის განვითარების ბანკის" დაფუძნების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება მას შემდეგ, რაც ის მთავრობის მიერ დამტკიცდება.

გასულ კვირაში "საქართველოს განვითარების ფონდმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ წინასწარი შეფასებით ფონდის მოგებამ 27 მილიონი ლარი შეადგინა. 2024 წელს კი ფონდმა კონსოლიდირებული ანგარიშით 10.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, რაც მისი შვილობილი კომპანიის ზარალს უკავშირდებოდა, შვილობილი კომპანიების გამოკლებით კი ფონდის მოგება 35.8 მილიონი ლარი იყო.

"2025 წლის წინასწარი მონაცემებით, ფონდმა წელი 27 მლნ ლარის მოგებით დაასრულა და ყველა ფინანსური ინდიკატორი დადებითია. ფონდმა გაზარდა როგორც ლიკვიდურობა, აგრეთვე – აქტივები და კაპიტალი. 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გასაჯაროვდება.

ფონდის მხარდაჭერით, პროექტები განხორციელდა ენერგეტიკის, მაღალტექნოლოგიური წარმოებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ასევე ბრენდული სასტუმროების მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის დარგების ხელშეწყობის მიმართულებით. ფონდის პროექტებს შორისაა:

  • "გარდაბნის თბოელექტროსადგური“ – საინვესტიციო მოცულობა 233 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 49%-ის კაპიტალით მონაწილეობდა;
  • ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – საინვესტიციო მოცულობა 188 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 8.2 მლნ დოლარის კრედიტით მონაწილეობს;
  • თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა „ATC“ – საინვესტიციო მოცულობა 93 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 66.6%-ის კაპიტალით მონაწილეობს;
  • რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა, შპს „ნოვატეკ ინტერნეიშენალი“ – საინვესტიციო მოცულობა 11.3 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 1.8 მლნ ევროს სესხით მონაწილეობს;
  • „პანექსი“ (Panex), სენდვიჩ პანელების საწარმო - საინვესტიციო მოცულობა 6.2 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 48%-ის წილით მონაწილეობდა.

რაც შეეხება სხვა პროექტებს, ტურიზმის მიმართულებით ფონდმა შემდეგი პროექტების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა: „ბორჯომი-ლიკანი“, „Radisson Collection Tsinandali“, „ლოპოტა სპა რეზორტი“ (გაფართოება), „Gino Wellness Rabati“, „როიალ ბატონი“ (რამდენიმე წელია დახურულია), კურორტი „საირმე“, „Best Western Kutaisi“ და „ჰილტონ აბასთუმანი“ – პროექტების საერთო საინვესტიციო მოცულობა 160 მლნ აშშ დოლარამდეა.

"საქართველოს განვითარების ფონდს", ანუ ყოფილ "საპარტნიორო ფონდს" წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში ახალი კრედიტების გაცემა შეზღუდული ჰქონდა, რადგანაც IMF-ის შეფასებით "საპარტნიორო ფონდის" ოპერაციები ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან ფისკალურ რისკს შეიცავდა. თუმცა 2023 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ფონდის რეორგანიზაცია მოხდა და მისი შემადგენლობიდან მსხვილი სახელმწიფო კორპორაციების გამოსვლის პროცესი დასრულდა. ამის შემდეგ კი "საქართველოს განვითარების ფონდმა" ახალი სესხების გაცემა განაახლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები