პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით ერთხმად, მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას.
ცვლილების თანახმად, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ 5 და მეტი წლის განმავლობაში, მიეცემათ შესაძლებლობა, საამისოდ დადგენილი სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა.
კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს ცვლილებები „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის კონვენციის შესაბამისად მომზადდა და მის მიზანს ქვეყნის მიერ მოქალაქეობის არმქონე პირთა ნატურალიზაციის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს.
"კონვენციის 32-ე მუხლი ავალდებულებს ხელშემკვრელ ქვეყანას, შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყოს მოქალაქეობის არმქონე პირების ნატურალიზაციას, ნატურალიზაციის პროცედურების დაჩქარებას და ამ პროცედურებისთვის საჭირო გადასახადებისა და ხარჯების შემცირებას. კონვენციის აღნიშნული დანაწესის პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, საქართველომ 2019 წლის ოქტომბერს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის აღმასრულებელი კომიტეტის (UNHCR ExCom) 70-ე სესიაზე აიღო ვალდებულება, მოქალაქეობის არმქონე პირთა ნატურალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ამ კატეგორიის პირთა მიმართ გაანახევროს საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოპოვებისთვის დადგენილი 10-წლიანი ცენზი,"- ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.
დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.