პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით ერთხმად დაამტკიცა ცვლილებები კანონში „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“. საკანონმდებლო ცვლილება საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ არსებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების წესს არეგულირებს.
საკითხი დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, ცვლილებების საჭიროება სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკამ და საქართველოს კანონმდებლობაში ბოლო დროს შესულმა განახლებულმა მიდგომებმა განაპირობა, რაც სტაჟირების ვადებსა და ანაზღაურებას ეხება.
დღემდე არსებული წესით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების ოდენობა კანონით დადგენილი საერთო წესით განისაზღვრებოდა. თუმცა აღნიშნული ნორმა არ ვრცელდებოდა საზღვარგარეთ არსებულ ქვედანაყოფებზე (საელჩოებსა და საკონსულოებზე).
ახალი ცვლილებით, კანონს დაემატა საგამონაკლისო ნორმა, რომლის მიხედვითაც:
- საზღვარგარეთ, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების საკითხები და მისი ოდენობა საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით დარეგულირდება.
- აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს უწყებას, ანაზღაურების მოცულობა მოარგოს საზღვარგარეთ სტაჟირების სპეციფიკურ საჭიროებებსა და გარემოებებს.
კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა არცერთ დეპუტატს არ მიუცია.




























