მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა სკოლებში უფასო კვების კანონპროექტი ისევ დაახარვეზა

სასკოლო კვება

პარლამენტმა საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედების საკანონმდებლო ინიციატივა კიდევ ერთხელ დაახარვეზა და საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც არანაკლებ 25 000 ამომრჩეველი აწერს ხელს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გავიდა. თუმცა, განსახილველად კომიტეტებისთვის გადაცემის ნაცვლად, პარლამენტის ბიურომ ის ინიციატორებს საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე ისევ უკან დაუბრუნა.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის, ანდრია გვიდიანის განმარტებით, წარდგენილ პროექტში „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონთან მთელი რიგი შეუსაბამობებია, რის გამოც ხარვეზების გამოსწორებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება 21 სექტემბრის სხდომაზეც მიიღო. მაშინ საბიუჯეტო ოფისმა ბიუროს აცნობა, რომ კანონპროექტს არ ახლდა სავალდებულო ფინანსური დასაბუთება არ იყო წარმოდგენილი კონკრეტული ფინანსური მონაცემები და საორიენტაციო ხარჯები.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: აკაკი ჩიქობავა, ანა კამლაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ხასაია, ეკატერინე დანელია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, თათია ვერულაშვილი, ინა ჩარკვიანი და კონსტანტინე ჩაჩიბაია.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამაზე ხელისუფლება 6 წელია მუშაობს. ჯერ კიდევ 2021 წელს მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო სადილის პროგრამაზე მმართველი პარტია ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამავეს ადასტურებდა განათლების მაშინდელი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელიც. სკოლებში უფასო კვების დანერგვის დაპირება წინასაარჩევნოდ არაერთხელ გააჟღერა განათლების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმაც, მათ შორის 2023 წლის ბოლოსაც. 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქცენტი შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურის არარსებობაზე გაამახვილა, სკოლებში უფასო კვების დანერგვის სამოქმედო გეგმა კი ჯერ კიდევ არ არსებობს.

ამასთან, 2024 წლის თებერვალში, საგაზაფხულო პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ, მაშინ როგორც საქართველოს პრემიერობის კანდიდატმა, განაცხადა, რომ სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე მუშაობაში პირადად იქნებოდა ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები