მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა ტურიზმის კანონი პირველი მოსმენით მიიღო - როგორი იქნება რეგულაციები?

649c0ebd8279e
თამთა ჯიჯავაძე
28.06.23 15:06
6946
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. მას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

კანონპროექტით ტურისტული მომსახურების სფეროში ახალი რეგულაციები შემოდის, რომლის შედეგად, სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ზედამხედველის ფუნქციები ენიჭება. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ტუროპერატორი და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული ხდება, შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფა იქონიოს. კერძოდ, მათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა წარუდგინონ შესაბამისი უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი), რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ რეესტრში აისახება.

კანონპროექტის მიხედვით, ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და ჩარტერულ ფრენებს, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა. ამასთან, იგივე ფინანსური გარანტიაა გათვალისწინებული იმ ტურაგენტებისთვისაც, რომელიც კანონის  25-ე მუხლით გათვალისწინებული ტუროპერატორის მიერ შექმნილი პაკეტის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტებს სთავაზობს ასეთ პაკეტს ან ასეთი ტუროპერატორის სახელით ყიდის ამ პაკეტს.

ტურიზმის სექტორს კანონთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა ჰქონდათ, რომელსაც განხილვების დროსაც აფიქსირებდნენ, მაგალითად, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის გამყვანი ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ნაროუშვილის თქმით, ფინანსური უზრუნველყოფისა და საბანკო გარანტიების წარდგენის ვალდებულება ბიზნესისთვის მძიმე წნეხია. ნაროუშვილი აცხადებს, რომ პროცესში უნდა გაჩნდეს მესამე პირის პასუხისმგებლობაც, რადგან ტურის დაგეგმვის პროცესში ტურისტული კომპანიის გარდა, სხვა ბიზნესებიც არიან ჩართული და პასუხისმგებლობა გადასანაწილებელია.

“შეიძლება გამყვანი ტუროპერატორები გაკოტრდნენ”- ტუროპერატორები ტურიზმის შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვენ

გარდა ამისა, საქართველოს ტურისტული გილდიის აღმასრულებელი დირექტორი და სერტიფიცირებული გიდის ნატალია ნონიკაშვილის შეფასებით, ტურიზმის შესახებ კანონპროექტი დარგის წარმომადგენლების ინტერესებს არ იცავს. ნონიკაშვილი თვლის, რომ დარგის მარეგულირებელი დოკუმენტი სექტორის წარმომადგენლებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მაშინ როდესაც კანონი სუბიექტებს შორის ურთიერთობას ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა არეგულირებდეს.

აღსანიშნია, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც ტურიზმის შესახებ კანონი მოიცავს, გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირებაა. კანონპროექტში გათვალისწინებულია დამატებითი სტიმულები სერტიფიცირებული გიდებისთვის. მაგალითად, ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი მოწმობის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან.

არასერტიფიცირებულ გიდებზე არანაირი შეზღუდვა არ გავრცელდება - სონღულაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები