პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარუდგინა.
მისი განცხადებით, წარმოდგენილი პაკეტი უმაღლესი განათლების კონცეფციის ფარგლებში საშემოდგომო სესიაზე წარდგენილი რეფორმის პირველი ეტაპის გაგრძელებას წარმოადგენს და რიგ დაზუსტებებსა და ცვლილებებს მოიცავს.
„ახალი საკანონმდებლო პაკეტი გარკვეული ტიპის ცვლილებებს და დაზუსტებებს მოიცავს“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა, ასევე დარეგულირდება ამ თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები.
კანონპროექტით ასევე ზუსტდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო.
ამასთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, მილევად რეჟიმში, განსაზღვრული ვადით განახორციელონ ის პროგრამები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით არ იქნება გათვალისწინებული. შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამებზე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა შესაბამისი ვადით გააგრძელონ იმავე უმაღლეს სასწავლებელში.




























