მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტში დღეს ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ - 21 კითხვა, რომელიც "ოცნებამ" კობახიძეს გაუგზავნა

ირაკლი კობახიძე

დღეს, 26 ნოემბერს პარლამენტი ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის ფორმატში მოუსმენს.

კობახიძე პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს მოწვევით მივა. ინტერპელაციის განმავლობაში მას ორი თემაზე დაუსვამენ შეკითხვებს:

  • უმაღლესი განათლების მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმაზე
  • „Eagle Hills“-ის ურბანულ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე

დადგენილი რეგლამენტის მიხედვით, ინტერპელაციის კითხვა–პასუხის ნაწილი დებატებით და დეპუტატების სიტყვით გამოსვლებით დასრულდება.

"ოცნების" პრემიერ-მინისტრის მოსმენა დღის პირველ ნახევარში, 12:00 საათიდანაა დაგეგმილი.

bm.ge გთავაზობთ კითხვებს, რომელიც "ოცნებამ" კობახიძეს გაუგზავნა.

კითხვები Eagle Hills-ზე

1.ვინ არის „იგლ ჰილზის“ პროექტის ინვესტორი? ვინ არიან ხელშეკრულების მხარეები?
2.რა კონკრეტული ვალდებულებები აქვს აღებული სახელმწიფოს და ინვესტორს ხელშეკრულებით?
3.რატომ არ ქვეყნდება ხელშეკრულების ტექსტი? ხშირად არის თუ არა ასეთი ხელშეკრულებები კომერციულ საიდუმლოებად განსაზღვრული?
4.არსებობს თუ არა მექანიზმი, რომლითაც საქართველოს შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა?
5.რა სანქციებია გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში?
6.რა არის ამ პროექტის ძირითადი მოცულობა - მიწის ფართობი, რა მოცულობის სამუშაოებია დაგეგმილი - კომერციული ფართის და კერძო საცხოვრებლების კვადრატულობა, სხვა ტიპის ნაგებობები, საზოგადოებრივი სივრცე, გამწვანებული ტერიტორია და ა.შ.
7.გამოითქვა მოსაზრება, თითქოს ეს პროექტი არ არის მოგებიანი, ან არასაკმარისად მოგებიანია და ამიტომ ამ ინვესტიციის მიზანი საეჭვოა, რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება რეალობას?
8.არსებობს თუ არა ამ პროექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები?
9.არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვები ტერიტორიის გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების თვალსაზრისით?
10.შეიძლება თუ არა ამ ინვესტიციამ შექმნას ეკონომიკური დამოკიდებულება, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად?
11.რა გავლენა ექნება ამ პროექტს გარემოზე?
12.გაქვთ თუ არა გაანგარიშებული, რა პირდაპირი და ირიბი ეკონომიკური სარგებელი ექნება ამ პროექტიდან საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს, მოსახლეობას?

  • გავლენა მშპ-ზე
  • გავლენა ლარის კურსზე
  • გავლენა ინფლაციაზე
  • გავლენა ბიუჯეტზე
  • გავლენა დასაქმებაზე


13.რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროექტს?
14.რა მოცულობით იქნებიან ქართული კომპანიები ჩართული პროექტის განხორციელებისას საქონლის და მომსახურების მიწოდებაში?
15.წაართვა თუ არა ხელისუფლებამ კრწანისის მიწა ეკლესიას და ყიდის თუ არა ქართულ მიწას უცხოელებზე? ამ პროექტით შენდება თუ არა ორი „არაბული ქალაქი“? იქნება თუ არა ეს ტერიტორიები უცხოელებით კომპაქტურად დასახლებული და შემოსაზღვრული სივრცე? საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თუ არა უძრავი ქონების ყიდვას?

კითხვები განათლების რეფორმაზე

  1. რა არის თქვენს მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები?
  2. რა არის რეფორმის ეტაპები და ვადები?
  3. სავარაუდოდ რა ბიუჯეტია საჭირო რეფორმის განსახორციელებლად?
  4. ეწინააღმდეგება თუ არა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული მიზნები ე.წ. „ბოლონიის პროცესს“?
  5. რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების 4+2 სისტემის შეცვლა 3+1 სისტემით. რა არის ამ ცვლილების ძირითადი მიზეზი და მიზანი? რამდენად იქნება უზრუნველყოფილი 3+1 სისტემით ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღება?
  6. რეფორმის კონცეფციის საჯარო პრეზენტაციისას ასევე ისაუბრეთ ზოგადი განათლების ხანგრძლივობის 12 კლასიდან 11 კლასამდე შემცირებაზე. რა არის ამ შესაძლო ცვლილების მიზეზი და მიზანი? იქონიებს თუ არა ეს ცვლილება გავლენას ზოგადი განათლების ხარისხზე? რას პასუხობთ გამოთქმულ კრიტიკას, რომ ამ შემთხვევაში ქართული სკოლის ატესტატი შესაძლოა საკმარისი არ იყო ზოგ ქვეყანაში უმაღლესი განათლების დაწესებულებაში სწავლის დასაწყებად?

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის გამო, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები