საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) 125 მილიონი ევროს ოდენობით კრედიტის აღებას. ამ თანხით თბილისის მეტროპოლიტენის მიერ მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვა უნდა დაფინანსდეს. სასესხო შეთანხმება სულ 212 ვაგონის შესყიდვის დაფინანსებას ითვალისწინებს, რისთვისაც საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
საკრედიტო შეთანხმება სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, თბილისის მეტროს არსებული შემადგენლობების სრულად ჩანაცვლებისათვის აუცილებელია ჯამში არანაკლებ 212 ვაგონის შესყიდვა, ხოლო ახალი შემადგენლობების გამართული და შეუფერხებელი ექსპლუატაციისთვის მეტროს ორივე ელექტროდეპოს და მეტროს ორი ხაზის შემაერთებელი გვირაბის რეაბილიტაცია/აღჭურვა, მეტროს მემანქანეების გადასამზადებლად აუცილებელი სასწავლო სიმულატორის შესყიდვა.
სასესხო შეთანხმების თანახმად, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ოდენობა 125 მლნ ევროა, სესხის ხანგრძლივობა 22 წელი, მათ შორის, შვიდი წელი შეღავათიანი პერიოდი.
97 ვაგონის შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერი 2024 წლის დეკემბერში გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც წინადადებების გახსნა 2025 წლის თებერვალში მოხდა. ტენდერში მონაწილეობა სულ სამმა კომპანიამ მიიღო.
ტენდერში სულ სამი კომპანია მონაწილეობს:
- ŠKODA TRANSPORTATION a.s. – სიმბოლური ფასი 1 ლარი, რეალური ღირებულება სავარაუდოდ ტექნიკურ დოკუმენტაციაშია მითითებული, რომელიც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
- ჯი-თი ჯგუფი CRRC – 392.8 მილიონი ლარი;
- ყაზახური კომპანია Kamkor Locomotive – 556 მილიონი ლარი, დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად უცნობია რა სპეციფიკაციის მატარებლების მიწოდებას სთავაზობს კომპანია საქართველოს.
არსებული მდგომარეობით უცნობია თუ რომელმა მონაწილეებმა დააკმაყოფილეს სატენდერო პირობები, რადგანაც შესყიდვების სააგენტოს გვერდზე აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა.
ტენდერის პირობების თანახმად, მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ვაგონების მიწოდების არანაკლებ სამი ტენდერის გამოცდილება, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 150 მილიონი ევრო უნდა იყოს. ასევე, მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ყველა აუცილებელი სერტიფიკატი, რაც საქართველოს სარკინიგზო სისტემაში მიმოსვლისთვის არის საჭირო.
ახალი ვაგონების მიღება 2026 წლიდან უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სატენდერო კომისიას წარდგენილ წინადადებებთან დაკავშირებით არ უმსჯელია, შესაბამისად უცნობია, რომელი პრეტენდენტები აკმაყოფილებენ როგორც გამოცდილების, ასევე ტექნიკური პარამეტრების მოთხოვნებს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2025 წლის მარტსა და აპრილში ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ მეტროს ახალი გვირაბების და ახალი სადგურების პროექტირება მშენებლობის ღირებულების ფასების დადგენის მიზნით ფასების საერთაშორისო გამოკითხვა გამოაცხადა.
მეტროს პირველი ხაზის დაგრძელების პროექტი:
"მეტროს ხაზის პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სავარაუდო სიგრძე: 5,2 კმ
- გლდანის მიმართულება: 2,2 კმ;
- ვარკეთილის მიმართულება: 3 კმ.
პროექტის ფარგლებში ასაშენებელი სადგურების რაოდენობა: 2 (ორი) სადგური
- გლდანის მიმართულება: 1 (ერთი) სადგური
- ვარკეთილის მიმართულება: 1 (ერთი) სადგური
მეტროს ახალი, მესამე ხაზის მშენებლობის პროექტი:
საერთო სიგრძე - 8.5 კილომეტრი.
პროექტის თანახმად, ახალი ხაზი შემდეგ სადგურებს გააერთიანებს:
- დიდუბე 2;
- გამოფენა;
- სამედიცინო უნივერსიტეტი 2;
- ცენტრალური პარკი;
- ვაკის პარკი;
- ვაკე;
- რუსთაველი 2.
წინასწარი შეფასებით მეტროს ახალი ხაზის გაყვანა და სადგურების მშენებლობა ერთ კმ-ზე საშუალოდ 70-80 მილიონი ჯდება, შესაბამისად ორივე აღნიშნული პროექტის მინიმალური სავარაუდო ფასი 870 მილიონი დოლარიდან იწყება. უცნობია არის თუ არა ამ ეტაპზე ამ პროექტის დაფინანსების მიზნით რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან აქტიური მოლაპარაკებები.