მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამეტთან მიმდინარე აქციის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

64076b37a1ba8
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.23 20:48
958
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს“, - წერია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში პარლამენტთან კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინრეობდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სპეცდანიშნულების რაზმები და სამართალდამცველები.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები