მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პარვუსმა“ ჰესების ასაშენებლად ასპინძასა და დუშეთში სახელმწიფო ქონება 49 წლით მიიღო - განკარგულებები

პარვუსი

სახელმწიფომ კომპანია „პარვუსს“, რომელიც ენერგეტიკის დარგში ოპერირებს ასპინძის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო ქონება, აღნაგობის უფლებით 49 წლით გადასცა.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე პრემიერის ხელმოწერილი 555-ე და 556-ე განკარგულებები გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები კომპანიას ჰესების აშენებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის პირობით გადაეცათ.

კონკრეტულად კი კომპანია პარვუსმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში 700 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი მიღებისთვის 49 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 840 ლარი უნდა გადაიხადოს. ქონება კი მთავრობასთან 2022 წლის 27 ივნისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰიდროელექტროსადგური „კორშა 1 ჰესის“ აშენებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში ჩასაშვებად უნდა გამოიყენოს.

მეორე ხელშეკრულებით, „პარვუსს“ 400კვ.მ-ის ფართობის მიწა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში 49 წლით აღნაგობის უფლებით გადაეცა და ყოველწლიურად კომპანიამ 709 ლარი უნდა გადაიხადოს. ამ შემთხვევაში „პარვუსსა“ და სახელმწიფოს შორის 2021 წლის 19 ივლისს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქონება „ტოლოში ჰესის“ აშენებისა და ექსპლუატირების მიზნით უნდა გამოიყენოს.

უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ჰესების ასაშენებლად მთავრობამ კომპანია „პარვუსს“ სახელმწიფო ქონება 2022 წელსაც გადასცა. BM.GE-ის ინფორმაციით, „პარვუსს“ საქართველოში ოთხ მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგური უნდა აეშენებინა. ინვესტიციების ჯამური მოცულობა 5 მილიონ ევრომდე იყო.
კერძოდ, შპს "პარვუსი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოხერხევსა და სოფელ კორშაში - „კორშა 1 ჰესს“, სოფელ როშკაში - „როშკა ჰესს“, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშსა და მის მიმდებარედ „ტოლოში ჰესს“ და „ტოლოში 1 ჰესს“ ააშენებს.

როგორც bm.ge-ს ჰიდროელექტროსადგურების მფლობელი კომპანია „პარვუს ჯგუფის“ 50%-იანი წილის მფლობელმა სულხან ზუმბურიძემ იმ პერიოდისთვის განუცხადა, ოთხივე ჰესის მშენებლობა 2023 წელს უნდა დაწყებულიყო და დასრულებულიყო.

BM.GE ენერგოპროექტების განხორციელების ვადებთან და მიმდინარეობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გარკვევას კომპანიასთან შეეცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები