„პასკებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ინდივიდუალური შეკვეთები შევწყვიტეთ და კორპორაციულ შეკვეთებზე ვართ ორიენტირებული“, - ამის შესახებ კომპანია „ფუსფუსის“ დამფუძნებელმა, ნათია ყურშუბაძემ BM.GE-სთან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. თავდაპირველად პასკებს სახლში აწარმოებდნენ, თუმცა მიმდინარე წლის 9 მარტს საკუთარი ბუტიკ კაფე გახსნეს, საბურთალოს ტერიტორიაზე, სადაც პროდუქცია ღია სამზარეულოში მზადდება.
„გვაქვს როგორც ფიზიკური, ასევე კორპორაციული შეკვეთებიც, თუმცა მოთხოვნა პასკებზე იმდენად დიდია, რომ ინდივიდუალური შეკვეთების მიღება შევწყვიტეთ და კორპორაციულ შეკვეთებზე ვორიენტირდით.
ჩვენი პასკა სტანდარტულად 600 გრამიანია და მისი ფასი 29 ლარს შეადგენს. პასკა არის კლასიკური, ზედმეტი გაფორმებების გარეშე, ცუკატების გარეშე, მხოლოდ ქიშმიშებით. აღსანიშნავია, რომ პასკაზე ფასის ერთი ლარით მომატება შეფუთვის გამო მოგვიწია.
რაც შეეხება კაფეს, 9 მარტს გავხსენით, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა სახის დესერტებს, ხუთი სახის სენდვიჩს, ამასთან ხაჭაპურს, ლობიანს და ასევე კრემიან კლასიკურ პონჩიკებს ვთავაზობთ. კაფეში 4 მაგიდა დგას და ჯამში 12 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. კაფის გასახსნელად საჭირო ინვესტიციამ 35 000 ლარს გადააჭარბა. გარდა ადგილზე პროდუქციის შეძენისა, ასევე გამოძახების სერვისიც გვაქვს. შესაბამისად, მომხმარებელს პროდუქციის გამოძახებაც შეუძლია“, - ამბობს ყურშუბაძე.
მისივე ცნობით, კაფეში ძირითადად 3 ადამიანი და რამდენიმე სტაჟიორია დასაქმებული.
ყურშუბაძე აღნიშნავს, რომ სექტორში კადრების პოვნა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამასთან, ობიექტის ქირა ძალიან ძვირია, რაც გარკვეულწილად ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.