მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი ქმედების შესაბამისი მუხლი მოიძებნება" - მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვა

მზია ამაღლობელი

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნით სიტყვას მოუსმინეს, ამით საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა შემდეგი სხდომა 6 აგვისტოს 14:00 საათზე დანიშნა, ამ დროს გამოცხადდება მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენიც.

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" თანადამფუძნებელი და მედია მენეჯერი წაყენებულ ბრალს, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, არ აღიარებს, უარს ამბობს საპროცესო გარიგებაზე და მიიჩნევს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა არ არის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაული.

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" პარლამენტმა მედიას სასამართლო სხდომების გაშუქება აუკრძალა, სხვადასხვა მედიასაშუალება სასამართლოდან ინფორმაციას ლაივ-ბლოგების სახით აქვეყნებს. დღევანდელი სხდომიდან პირდაპირ რეჟიმში ავრცელებდა ინფორმაციას "რადიო თავისუფლებაც".

ამონარიდები "რადიო თავისუფლების" ლაივ-ბლოგიდან:

"ძალიან მინდოდა დღეს სოლიდარობაზე და იმ კანონის მავნებლობაზე მესაუბრა, რასაც რუსულ კანონს ვეძახით, მაგრამ დღეს მხოლოდ იმ საკითხზე გაგიზიარებთ აზრს, რომელზეც მხოლოდ მე უნდა ვისაუბრო. საქმის დეტალებზე ადვოკატებმა ისაუბრეს. მინდა, ვისაუბრო შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე.

იქ, სადაც 7 თვეა ვიმყოფები, საპროცესო შეთანხმება „გამოსავალია“. ჩემს საკანში ისმის ბავშვის ხმა - დედა მენატრები. როცა გავიგე, რომ მისი ოჯახი საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობდნენ, გამიხარდა. ჩემთვის პირიქითაა. შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა. ადვოკატებმა უკვე თქვეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს - იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ.

ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლო სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ - პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით დგებუაძისგან. მგონია, რომ კანონში წერია „სილის გაწვნის“ ადეკვატური მუხლი.

მახსოვს, პროკურორმა სხდომაზე კითხვა დამისვა - ჩვენს კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმები, რომელი მუხლი შეგეფერებაო?.. ეს საქმე ამ დრომდე მოიტანა გამოძიებამ, ჩემი აზრი არ უკითხავთ - მიუკერძოებლად რომ ჩაეტარებინათ გამოძიება და დგებუაძის ინტერესები არ გაეტარებინათ, ეს საქმე სასამართლოში ასე არ შემოვიდოდა. „სისხლით დავიჭერო“ საჯაროდ მომცა 4-დან 7 წლამდე - პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, რა სასჯელი მელის.

ოღონდ ერთი რამ გარდაუვალია, ეს მხოლოდ ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელიც, ბატონო პროკურორო და ყველა იმ პირის, ვინც ჩართული იყო...

...გთხოვთ, არ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ შუა ხნის ასაკში. არც ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. განაჩენის გამოტანის დროს თქვენი პროფესიის პატივისცემა და მტკიცებულებების შეფასება საკმარისია.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ. მაშინ, როცა სახელმწიფო დამიპირისპირდა და ყველა რგოლი ჩაერთო, ვისაც არ დაეზარა ქვა და ტალახი მესროლა (სახელისუფლებო ტროლებმა), ჩემმა ადვოკატებმა შეძლეს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ მათ. მათ შეძლეს ხმამაღლა არგუმენტებით და მტკიცებულებებით ესაუბრათ - მათ შეძლეს, ადამიანებში ჩემ მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა. დაიმახსოვრეთ მათი სახელები. ჩემი პატივისცემა მათ", - თქვა მზია ამაღლობელმა დასკვნით სიტყვაში.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა) აქვს წაყენებული, რაც სულ 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა მას 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის, პოლიციელზე თავდასხმაზე ედავება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები