საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ საქსტატი სრულად იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების ხარისხზე და იმ მეთოდოლოგიაზე, რაც მათ გაანგარიშებას უდევს საფუძვლად. მან ამის შესახებ "ანალიტიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
კითხვას, რა პასუხი აქვს საქსტატს სკეპტიციზმზე, რომელიც ექსპერტულ წრეებში არის საქსტატის მონაცემებთან დაკავშირებით, იგივე ეკონომიკური ზრდის თუ სხვა მაჩვენებლების რეალობასთან შესაბამისობის შესახებ, გოგიტა თოდრაძემ ასე უპასუხა:
"მსგავსი დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ ყოველთვის არის მეტ-ნაკლებად, სხვადასხვა დოზით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვერ გამოვაქვეყნებთ ყოველთვის იმ ინფორმაციას, რომელიც მისაღები იქნება რომელიმე მხარისთვის - პოზიციისთვის თუ ოპოზიციისთვის. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტი, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდები, რომელსაც ვიყენებთ. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პასუხს ვაგებთ და პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ მაჩვენებლის ხარისხზე, მეთოდოლოგიაზე, რომელიც საფუძვლად უდევს ამ მაჩვენებლის გაანგარიშებას. მზად ვართ, ნებისმიერ დროს ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე დავსხდეთ და მოვახდინოთ განმარტება და იმის დასაბუთება, რომ ჩვენი ციფრები და ის მეთოდოლოგია, რომელსაც საფუძვლად ვუყენებთ ამ ციფრებს, არის აბსოლუტურად სწორი და მონაცემები არის ობიექტური.
ჩვენ ვამბობთ, რომ ვიყენებთ საერთაშორისო მეთოდოლოგიას და სტანდარტებს, მაგრამ კიდევ ერთი მომენტია, იმის რევიზიას, თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი ნათქვამი ჩვენს ნაბიჯებს, პერიოდულად აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ევროსტატი, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, IMF, მსოფლიო ბანკი და ა.შ.",- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.




























