მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექსპორტში დსთ-ს ბაზრის წილის ზრდა ავტომობილების რეექსპორტმა განაპირობა" - გოგიტა თოდრაძე

6444f5482487a
ლიკა მეგუთნიშვილი
23.04.23 18:00
671
საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკა“-ში სტუმრობისას, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრების ცვლილებებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ წლების განმავლობაში საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი ჩინეთი იყო, ახლა ის სომხეთმა შეცვალა. ამის მიზეზი კი, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ზრდაა.

„სტრუქტურა საკმაოდ შეცვლილია, პირველ ადგილზე წლების განმავლობაში ჩინეთი იყო და მისი წილი 20%-მდე აღწევდა. თუმცა, მას შემდეგ რაც მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, დაახლოებით 94-დან 412 მილიონ დოლარამდე, პირველი ადგილი სომხეთმა დაიკავა, რადგან ზრდა ძირითადად სომხეთში რეექსპორტის უკავშირდება. პირველ ადგილზე მყოფ სომხეთზე მთლიანი ექსპორტის 15%-იანი წილი მოდის. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, სადაც მთავარი როლი ასევე მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა ითამაშა, ხოლო მესამეზეა - რუსეთი.

საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა და შემდეგ რეექსპორტის თვალსაზრისით და თუ დავაკვირდებით, ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მზარდია. არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანში, არამედ მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება ასევე ყირგიზეთისა და ყაზახეთის მიმართულებითაც“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

როგორც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რაც უფრო მეტად ფოკუსირდება საქართველო მსუბუქი ავტომობილების იმპორტსა და შემდეგ რეექსპორტზე, მით უფრო გაიზრდება მთლიან ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი.

რას ნიშნავს ეს მოცემულობა და რამდენად საყურადღებოა ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების ბაზრის ზრდა, ხოლო EU-ს ბაზრის წილის შემცირება, თორაძე ასე პასუხობს:

„თუ ჩვენ ფოკუსირებული ვიქნებით მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე და შემდეგ რეექსპორტზე, ბუნებრივია, რომ ეს სასაქონლო ჯგუფი ძირითადად ექსპორტირდება დსთ-ს სივრცეში, განსაკუთრებით სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში. მაგრამ, უნდა ვახსენოთ ისიც, რომ პირველი კვარტლის მონაცემებით გაზრდილია ღვინის, ასევე თხილისა და კაკლის ექსპორტი - ეს ექსპორტირდება არა მხოლოდ დსთ-ს სივრცეში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც“, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა

ცნობისთვის: 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის $412 მილიონის ღირებულების 22 ათას 400 ავტომობილი გავიდა. ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 333%-ით მეტია. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $18 ათასი იყო. ქვეყნების მიხედვით რეექსპორტში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც რეექსპორტზე $99.7 მილიონის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი $87.3 მილიონის რეექსპორტით, მესამეზე კი ყაზახეთი $87.2 მილიონის რეექსპორტით. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მაღალი $84 ათასის საშუალო ფასის მქონე ავტომობილები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები