იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მილიარდ 432 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, შემცირდა ექსპორტის მაჩვენებელიც, რომელსაც 5 თვის ჭრილში საგარეო ვაჭრობის თითქმის მეოთხედი უკავია.
წლის ამ პერიოდში საქართველომ ადგილობრივი ექსპორტითა და რეექსპორტით ჯამში 2 მილიარდ 274 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წლის პირველ ხუთ თვეს 9.2%-ით ჩამორჩება. საინტერესოა იანვრიდან მაისის ჩათვლით ექსპორტს თვიურ ჭრილში თუ შევხედავთ, ქვეყნიდან გადაზიდვების მაჩვენებელი თებერვლის გარდა შემცირებული იყო.
5 თვის განმავლობაში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (360.2 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (274.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (273.1 მლნ. აშშ დოლარი). ექსპორტის სტატისტიკა უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების ჭრილში 4 ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ჩინეთთან შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, იმპორტის პარალელურად იკლებს, ეს სასაქონლო ჯგუფში საექსპორტო ათეულში 32.5%-იანი წილით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 140.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 6.2%), მესამეზე კი ფეროშენადნობები 105.6 მლნ დოლარით (4.6 პროცენტი).
TOP-10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში კლება ფიქსირდება ავტომობილების, აზოტოვანი სასუქების და შაქრის დანამატებით მინერალური და დაგაზიანებული წყლების შემთხვევაში.