მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი... - უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი შეიცვალა

საქსტატი

2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ 529 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი გასულ წელს 9.1%-ით 6 მილიარდ 090 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების გეოგრაფია მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. გასულ წლებში მოწინავე ადგილზე მყოფმა ქვეყნებმა ჩინეთმა, თურქეთმა და რუსეთმაც კი ათეულის მეორე ნაწილში გადაინაცვლეს და მათ პოზიციებზე ისეთი ქვეყნები აღმოჩნდნენ, როგორებიც აზერბაიჯანი, სომხეთი და ყაზახეთი არიან.

უნდა აღინიშნოს, რომ უმსხვილეს საექსპორტო მიმართულებებს შორის წლიურ ჭრილში საქონლის რეალიზების ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ყირგიზეთში დაფიქსირდა, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტი ყაზახეთის მიმართულებითაც. ხოლო ჩინეთში, ბულგარეთში, უკრაინაში და თურქეთში ექსპორტი შემცირებულია.

2023 წლის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - $862 მლნ, ზრდა - 28.2%;
  2. სომხეთი - $787 მლნ, ზრდა - 34.7%;
  3. ყაზახეთი - $702 მლნ, ზრდა - 195%;
  4. ყირგიზეთი - $695 მლნ, ზრდა - 642%;
  5. რუსეთი - $657 მლნ, ზრდა - 2.3%;
  6. თურქეთი - $409 მლნ, კლება - 5.9%;
  7. ჩინეთი - $310.8 მლნ, კლება - 57.8%;
  8. ბულგარეთი - $249.9 მლნ, კლება - 41%;
  9. უზბეკეთი - $115.5 მლნ, ზრდა - 3.9%;
  10. უკრაინა - $101.3 მლნ, კლება - 56.5%

დანარჩენი ქვეყნები 1 მილიარდ 198 მილიონი დოლარი, კლება 15.2%.

უნდა აღინიშნოს, რომ საექსპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულში ყველა მიმართულებით მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო, რამაც ამ ქვეყნებში ექსპორტის ზრდა განაპირობა.

რაც შეეხება საექსპორტო საქონელს, ქვეყნისთვის 2023 წელს მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო, რაც ძირითადად რეექსპორტს წარმოადგენს და მთელი ექსპორტის 34.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მესამეს კი ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებენ. საქსტატის მონაცემებით უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში მძიმე მრეწველობის პროდუქტების რეალიზების მაჩვენებელი გასულ წელს მნიშვნელოვნად შემცირდა.

TOP-10 საექსპორტო საქონელი კი ასე გამოიყურება:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $2.1 მლრდ, ზრდა - 134.8%;
  2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $479 მლნ, კლება - 53.2%;
  3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $259 მლნ, ზრდა - 2.6%;
  4. სპირტიანი სასმელები - $196.1 მლნ, ზრდა - 41.6%;
  5. ფეროშენადნობები - $180.6 მლნ, კლება - 60.7%;
  6. აზოტოვანი სასუქები - $158.3 მლნ, კლება - 43.7%;
  7. მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $131.5 მლნ, ზრდა - 16.9%;
  8. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $126.5 მლნ, ზრდა - 15.6%;
  9. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $109 მლნ, ზრდა - 31.8%;
  10. ელექტროენერგია - $95.4 მლნ, ზრდა - 13.2%.

დანარჩენი საქონელი სულ 2 მილიარდ 227 მილიონი დოლარი, ზრდა - 4.5%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები