დღეს, როდესაც ინფლუენსერ მარკეტინგის გლობალური ბაზარი უკვე 21 მილიარდ დოლარს აჭარბებს, კულინარია ციფრული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ და მოგებიან ნიშად ყალიბდება. საკვების ვიზუალური ესთეტიკა, მარტივად გასაზიარებელი კონტენტი და ყოველდღიურობასთან მჭიდრო კავშირი მას სოციალურ ქსელებში აუდიტორიის მაღალი ჩართულობისა და ნდობის ერთ-ერთ მთავარ კატეგორიად აქცევს. ამ ტენდენციას საქართველოც აქტიურად ეხმიანება, სადაც „ფუდბლოგინგი“ (კვების ბლოგერი) უკვე მხოლოდ ჰობი აღარ არის და ეტაპობრივად სრულფასოვან პროფესიად ყალიბდება.
"ფუდბლოგინგის" განვითარებაზე სასაუბროდ BMGTV-ს გადაცემაში Salis Cooking Story-ის ავტორი სალი ლაშხი და "ლიკუნას სამზარეულოს" ავტორი ლიკუნა მეგუთნიშვილი სტუმრობდნენ.
სალი ლაშხის თქმით, "ფუდკონტენტის" წარმატების მთავარი ფორმულა სიმარტივეა. მისი შეფასებით, აუდიტორია პირველ რიგში ეძებს ისეთ რეცეპტებს, რომლებიც მარტივად მოსამზადებელია და ხელმისაწვდომ ინგრედიენტებზეა დაფუძნებული: „მაყურებელს უნდა შესთავაზო ისეთი კერძი, რომლის მომზადებაც არ გაუჭირდება და პროდუქტსაც მარტივად შეიძენს. დღეს ადამიანები სწორედ სიმარტივეს ითხოვენ“, - ამბობს სალი ლაშხი.
მისი ბლოგი სულ ერთი წლისაა, თუმცა უკვე დაახლოებით 38 000 გამომწერს აერთიანებს სხვადასხვა პლატფორმაზე, რაც აჩვენებს, რომ სწორად შერჩეული კონცეფცია სწრაფ შედეგსაც იძლევა.
სალი ლაშხი არ მალავს, რომ "ფუდბლოგინგი" კრიტიკის გარეშე არ არსებობს. მისი თქმით, როგორც დამსახურებული, ისე უსამართლო შენიშვნები პროცესის ნაწილია და ბლოგერის პროფესიული ზრდისთვისაც მნიშვნელოვანია:"თუ სწორად წარმართავ, ეს შეიძლება გახდეს შენი პროფესია და სტაბილური შემოსავლის წყარო", - აღნიშნავს ის.
მის გამოცდილებაში უკვე არის როგორც ბარტერული, ისე ფინანსური თანამშრომლობები და პარტნიორობა ბრენდებთან, რაც ადასტურებს, რომ ფუდ-ბლოგინგი საქართველოში კომერციულად მოთხოვნადი მიმართულებაა.
განსხვავებული გზით, თუმცა არანაკლებ საინტერესო გამოცდილებით საუბრობს „ლიკუნას სამზარეულოს“ ავტორი ლიკუნა მეგუთნიშვილი. მისი თქმით, ბლოგი იმ დროს დაიწყო, როდესაც საქართველოში „ფუდ-ბლოგინგი“ ფაქტობრივად არ არსებობდა, განსაკუთრებით, Instagram სივრცეში. თავდაპირველად კონტენტი მხოლოდ მეგობრებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა პანდემიის პერიოდში, როდესაც რეკლამამ და მარკეტინგმა მასობრივად სოციალურ ქსელებში გადმოინაცვლა, ბლოგმაც სრულიად ახალი დატვირთვა შეიძინა.
ლიკუნა მეგუთნიშვილი ხაზს უსვამს, რომ აუდიტორიის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობაც და ფსიქოლოგიური წნეხიც მატულობს.
„ყველას ვერ მოეწონები და ეს უნდა მიიღო. საქართველოში, განსაკუთრებით ქართულ კერძებზე მუშაობისას, კრიტიკა ძალიან მძაფრია“, - ამბობს ის.
მისი ინფორმაციით, ბევრი დამწყები ბლოგერი სწორედ ამ კრიტიკას ვერ უძლებს და საქმიანობას ანებებს თავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სოციალურ ქსელებში, მათ შორის facebook-ზე, აქტიურ გამოხმაურებებს ეხება.
მისი შეფასებით, ფუდ-ბლოგინგი პრაქტიკულად სრულ განაკვეთზე მუშაობას ნიშნავს და მისი თქმით, სხვა სამსახურთან შეთავსება თითქმის შეუძლებელია. კონტენტის გადაღება, მონტაჟი, კომპანიებთან შეთანხმებები და ვადების დაცვა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მიუხედავად სირთულეებისა, იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბრენდების მხრიდან მოთხოვნა მაღალია და კონკურენციის მიუხედავად, ფუდბლოგერები სტაბილურად თანამშრომლობენ როგორც სურსათის, ისე ტექნიკისა და სხვა სექტორის კომპანიებთან.




























