პატივისცემის ნიშნად შევთავაზე დახმარება და 300 000 ლარი მივეცი - რაში სჭირდებოდა, არ ჩავძიებივარ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარის მოწმემ, გიორგი მოწყობილმა განაცხადა, რომელიც მიქაუტაძის მძახალია.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. მოწმის ინფორმაციით, თანხაზე სასესხო ხელშეკრულებაც გაფორმდა.
„2010 წელს გავიცანი რომეო მიქაუტაძე. 2023 წელს ჩვენმა შვილებმა იქორწინეს და დავნათესავდით. 2024 წელს რომეოსთან ვიყავი სახლში და საუბარი ჩამოვარდა, რომ თანხა სჭირდებოდათ. პატივისცემის ნიშნად შევთავაზე დახმარება და 300 000 ლარი მივეცი. ვუთხარი, რომ არ მეჩქარებოდა და როდესაც შეძლებდა, მაშინ დაებრუნებინა. რაში სჭირდებოდა, არ ჩავძიებივარ. თანხა რომ მივაწოდე, მითხრეს, რომ ხელშეკრულებისთვის ხელი უნდა მომეწერა და მოვაწერე. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი მე გადმომცეს, მაგრამ გადავაგდე, რადგან არ მჭირდებოდა, ნდობიდან გამომდინარე. ფული სახლში მივუტანე და ნინოს გადავეცი [რომეო მიქაუტაძის ცოლი]“, - განაცხადა გიორგი მოწყობილმა.
პროკურორის კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა 300 000 ლარი, მოწმემ განაცხადა, რომ ეს თანხა მისი დანაზოგი იყო, რომელიც სხვადასხვა ქონების რეალიზაციიდან და ბიზნესსაქმიანობიდან ჰქონდა დაგროვებული.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, მიქაუტაძე ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ამ ეტაპზე პროკურატურა მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334
ლარი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბრალს არ აღიარებს.




























